logo
ENG



"არ ჩანს, რომ ურტყამენ" - კალაძე ელისაშვილის ცემის კადრებზე

19 აპრ 202414:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/19/nhknz0wzb5rw7m0.jpg

"მე ვერ ვხედავ, სად ურტყამს, აბა? არ ჩანს, რომ ურტყამს, საერთოდ არ არის..." - ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე მას შემდეგ, რაც მას აჩვენეს, დაკავების დროს როგორ უსწორდებოდა პოლიცია დეპუტატ ალეკო ელისაშვილს. აღნიშნული ძალადობის შეფასების ნაცვლად, კალაძემ განაცხადა, რომ ელისაშვილი თვითონ მოუწოდებდა ძალადობისკენ.

"ისიც მაჩვენეთ, მაშინ, ელისაშვილი პოლიციის კორდონში რომ ვარდებოდა და ძალადობისკენ რომ მოუწოდებდა ხალხს. არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. თქვენ მაშინ უნდა გამოსულიყავით და ჩემთვის დაგესვათ შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რაც ელისაშვილმა იკადრა. ეს მისაღები იყო თქვენთვის? ნორმალური ფორმაა ეს, პარლამენტში ასე უნდა იყოს? არანაირ ძალადობას გამართლება არ აქვს, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მხრიდან იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შენ როდესაც ხარ მშვიდობიანი მომიტინგე, არ უნდა იკადრო ის, რასაც ელისაშვილი კადრულობდა", - განაცხადა კალაძემ.

TV პირველმა დეპუტატ ალეკო ელისაშვილზე ძალადობის კადრები გაავრცელა.  როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, დეპუტატი დაიჭირეს და პოლიციის კორდონში გამოატარეს.

კადრებში ჩანს, როგორ ურტყამენ პოლიციელები ხელებსა და ფეხებს, ალეკო ელისაშვილი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, თუმცა ათობით პოლიციელმა ის ძალის გამოყენებით ადგილიდან გაიყვანა.

ალეკო ელისაშვილძე ძალადობის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. 

თვითონ დეპუტატი ამბობს, რომ მას ნეკნის მოტეხილობა აქვს. ასევე, დაზიანება აღენიშნება სახის არეში. 

"უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით. შემდეგ ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში წერეთელზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბის განყოფილებაში, იქ ნორმალური გარემო იყო. მოვედი, კლინიკაში შევემოწმე, იმიტომ რომ ძალიან მტკიოდა და აღმოჩნდა, რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი", - ამბობს ელისაშვილი. 


close დახურვა