logo
ENG



პატელი: ქართველების 80%-ზე მეტს EU-ში გაწევრიანება სურს - კანონი არ შეესაბამება ამ მიზანს

15 მაი 202401:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/15/dzvv3z8nih48i5e.jpg

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ვედანტ პატელი ამბობს, რომ ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებული რუსული კანონი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის განაცხადს ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებთან ურთიერთობებზე და ქართველი ხალხის სურვილს, გახდნენ ევროკავშირის წევრი.

ის ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველომ გააღრმაოს თანამშრომლობა აშშ-სთან, თუმცა ამისათვის საჭიროა, მთავრობამ შეცვალოს კურსი, რომელზეც ამჟამად იმყოფება.

"ჩვენ კვლავ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებს მართავს ოფიციალურ პირებთან. მე ვფიქრობ, რომ მას უფრო მეტი ექნება სათქმელი ვიზიტის დასრულების შემდეგ.

ჩვენ გუშინაც ვთქვით, რომ ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას. ჩვენ ასევე ვიცით, რომ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ურთიერთობა ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებთან, როგორიც არის NATO. ეს არის ის, რაც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, მაგრამ მსგავსი რამ, როგორიც ეს კანონმდებლობაა, არ შეესაბამება ამ მიზანს.

ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობას და პარტნიორობას, რომელიც გვაქვს საქართველოსთან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და გვსურს, გავაგრძელოთ და გავაღრმაოთ ეს თანამშრომლობა, თუმცა ჩვენი მოსაზრებაა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი, რომელზეც ამჟამად იმყოფება.

კანონმდებლობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ კრემლში და სხვაგან, კანონმდებლობა, რომელიც მიზანში იღებს სამოქალაქო საზოგადოებას, მედიაორგანიზაციებს, არაკომერციულ ორგანიზაციებს, არა მხოლოდ შეუსაბამოა ჩვენს ღირებულებებთან, რაც გვაქვს აშშ-ში, არამედ შეუსაბამოა ქართველი ხალხის მისწრაფებებთან", - აცხადებს პატელი. 


close დახურვა