logo
ENG



ელჩი: თუ კანონს ამ ფორმით მიიღებთ, გერმანია მხარს არ დაუჭერს EU-სთან მოლაპარაკების გახსნას

21 მაი 202418:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/21/pggk0zsdqefep02.jpg

საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოსთვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება რუსულ კანონს ამჟამინდელი ფორმით მიიღებს.

ის ამბობს, რომ არსებობს სტანდარტი, რომელიც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ, ეს კანონი კი ამ სტანდარტზე დაბლაა. ელჩი იმეორებს, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უკან დახევს.

"ეს დინამიკური პროცესია. შემიძლია, ვისაუბრო საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ნახეთ გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ ამ კანონის მესამე მოსმენით მიღებით საქართველომ უკვე გადაუხვია ევროპული მომავლის გზიდან.

არსებობს სტანდარტი, რომელიც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ და ეს კანონი ამ სტანდარტზე დაბლაა. ასე რომ, დეკემბერში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე რომ ვისაუბროთ - თუ ეს კანონი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას და ეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უკან დახევს.

თქვენ უნდა დააკმაყოფილოთ სტანდარტი. თუ არა, მაშინ ევროკავშირთან დაახლოებას ვერ შეძლებთ", - ამბობს გერმანიის ელჩი. 

ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ EU-სთან მოლაპარაკებების გახსნისთვის საჭიროა ერთსულოვნება და გაიმეორა, რომ კანონის ამჟამინდელი ფორმით მიღების შემთხვევაში, გერმანია თანხმობას არ განაცხადებს.

"მე წარმოვადგენ გერმანიას. ჩვენ ვართ ერთი სახელმწიფო ევროკავშირში. ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენ ყველაზე დიდი მოსახლეობა გვაქვს და ასე შემდეგ. იმისათვის, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის შემდეგი ნაბიჯი გადაწყვიტოს - ანუ გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნა, უნდა იყოს ერთსულოვნება და ყველა სახელმწიფომ უნდა განაცხადოს "კი". გერმანიის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არ ვიტყვით "კი"-ს, თუ ეს კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული", - ამბობს პიტერ ფიშერი. 


close დახურვა