logo
ENG

უდუმაშვილი: უგულავას დაპატიმრებით მოლაპარაკებები დასრულებულია

11 თებ 202007:58
3 წუთის საკითხავი
clock 1170

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას დაკავების გამო გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეხუთე რაუნდზე უარს ამბობენ. უფრო კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე კი ისინი დღეს „ლეიბორისტულ პარტიაში“ გამართულ შეხვედრაზე იმსჯელებენ. 

„ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ამ პირობებში, ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად არ დაჯდება.

„ჩვენ ვხედავთ ამ პოლიტიკურ განაჩენს, რომელიც მართლმსაჯულებასთან არაფერ შუაშია. ამ სიტუაციაში საერთო მაგიდასთან ხელისუფლებასთან არ ვჯდებით. სამაგიეროდ, ვიდგებით ქუჩაში, ვიდგებით მათ სახელისუფლებო კაბინეტებთან და მუდმივად მწვავედ, არჩევნების დღემდე შევახსენეთ, რომ ერთი - ისინი ვალდებული არიან ჩაატარონ სამართლიანი არჩევნები და მეორე, ისინი აუცილებლად დაამთავრებენ მიმდინარე წელს ხელისუფლებაში ყოფნას“, - აცხადებს აბესაძე.

პიკეტირებასა და მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი.

„გიგი უგულავას დაპატიმრებით მოლაპარაკებები დასრულებულია, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო. არ ვაპირებთ მოლაპარაკებებში შევიდეთ იმ ხელისუფლებასთან, რომელიც ასე აპატიმრებს პოლიტიკურ ლიდერებს. ვიკრიბებით „ლეიბორისტულ “ პარტიის ოფისში, რათა ყოველდღიური გეგმები დავსახოთ. აქციებიც იქნება, პიკეტიც იქნება, რეგიონებიც იქნება, ყველაფერი იქნება. ამასთან დავსახავთ ზუსტ საარჩევნო გეგმას თუ რა მეთოდებით ვამარცხებთ ივანიშვილს“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლებით აღკვეთა შეუფარდა.

პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. 

რაც შეეხება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს: მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ამავდროულად „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ის სრულად მაჟორიტარულზე გადავიდეს. 

დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების უკვე 4 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათთვის მისაღები არც ე.წ. გერმანული მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.

მეოთხე შეხვედრის დასრულების შემდეგ, მმართველმა გუნდმა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას შერეული სისტემის შენარჩუნებას სთავაზობენ, თუმცა გაზრდილი იქნება პროპორციული მანდატების რაოდენობა, მაჟორიტარულის კი შემცირდება. კერძოდ, მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა იქნება 50, ხოლო პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 100. მმართველი გუნდის წევრების თქმით, ეს შეთავაზება საბოლოოა.

ოპოზიციისთვის 100/50-ის სისტემა მიუღებელია. ისინი მოითხოვენ, რომ არჩევნები ან სრულად პროპორციულად, ან ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარდეს. მათი განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, აღნიშნული მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, საერთაშორისო პარტნიორების მედიატორობით, შეხვედრის მეხუთე რაუნდი, „ფორმულას“ ინფორმაციით, 11 თებერვალს უნდა გამართულიყო.

აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ღიად მოუწოდებენ, რომ შეასრულონ დაპირება და საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს.

ამავე თემაზე: კონგრესმენი ადამ კინზინგერი გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება.


close დახურვა