logo
ENG



აქციის მონაწილე: შოთაძის დანიშვნა უღირსი და სამარცხვინო საქციელია

18 თებ 202011:28
3 წუთის საკითხავი
clock 506

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭიჭინაძის ქუჩა სრულად არის პიკეტირებული. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი ამბობენ, რომ სანამ საკანონმდებლო ორგანოში ყოფილი მთავარი პროკურორი ინიშნება, ისინი პროტესტს გააგრძელებენ. 

აქციის მონაწილეები პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან დილიდანვე იმყოფებიან. მათი თქმით, შოთაძის დანიშვნა უღირსი და სამარცხვინო საქციელია. კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვთ მის არჩევასთან დაკავშირებით, ისინი ამბობენ, რომ პროტესტის მიუხედავად შოთაზეს მაინც დაამტკიცებენ. 

"შოთაძის დანიშვნა უღირსი და სამარცხვინო საქციელია",-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ამ წუთებში კი პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიტიკოსები, სამართალდამცავები და ჟურნალისტები არიან მობილიზებული - ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავენ და შენობის პიკეტირებას ახორციელებენ. ამ ფორმით ისინი გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დანიშვნას აპროტესტებენ. ცოტა ხნის წინ შელაპარაკება მოხდა სამართალდამცველებსა და ჟურნალისტ გიორგი კაპანაძეს შორის.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ის აღნიშნულ თანამდებობას 3 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე იკავებდა. 2018 წლის 31 მაისს კი მან გენერალური პროკურორის თანამდებობა ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმესთან" დაკავშირებული დარღვევების გამო დატოვა. 

ამავდროულად, შოთაძის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობა შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა - გენერალური პროკურორობის კანდიდატის სასარგებლოდ 8 დეპუტატმა მისცა ხმა. შოთაძე თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დაინიშნება თუ მას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ ანუ მინიმუმ 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა დღეს გაიმართება. 


close დახურვა