krodekmtqg0hotd.jpg

„რაგბი ევროპის“ 2020 წლის ჩემპიონატის მეორე შეხვედრა „ბორჯღალოსნებმა“ მადრიდში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს.

საქართველოს ეროვნული გუნდი ფავორიტის სტატუსით თამაშობდა და ურთიერთშეხვედრებშიც „ბორჯღალოსნებს“ დიდი უპირატესობა აქვთ. პირველი ლელო შალვა მამუკაშვილმა დადო და ჩვენი ნაკრები დაწინაურდა. თუმცა მალევე ესპანელებმა ერთი ლელო გაქვითეს და ანგარიში გათანაბრდა.

მცირე პერიოდი ესპანელები „ბორჯღალოსნებს“ თანაბრად ეთამაშებოდნენ, მაგრამ თედო აბჟანდაძის გატანილი ჯარიმის შემდეგ, უპირატესობას საქართველოს ნაკრები დაეუფლა და პირველი ნახევარი ქართველების კარნახით წარიმართა.

შეხვედრის მეორე ტაიმში კვლავ თანაბარი თამაში იყო, თუმცა ესპანელები მცირე უპირატესობას ფლობდნენ და ლელოს დადებაც მოახერხეს. საბოლოოდ კი მატჩი ანგარიშით 10:23 დასრულდა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. მომდევნო შეხვედრას ქართველები ბელგიაში 22 თებერვალს გამართავენ.