logo
ENG



განათლებისა და კულტურის სამინისტროები კვლავ გაიყოფა

20 იან 202015:01
3 წუთის საკითხავი
clock 1345
brw8qoalc9pxcc9.jpg

განათლებისა და კულტურის სამინისტროები კვლავ გაიყოფა. ამის შესახებ მთავრობაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. როგორც ცნობილია, უწყებების გაყოფის პროცესი თებერვალში დაიწყება. 

"ფორმულას" ინფორმაციით, კულტურის სამინისტროს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. "ფორმულა" ცდილობს დეპუტატთან დაკავშირებას, თუმცა ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს. 

სამინისტროს გამოყოფის და ბექა ოდიშარიას შესაძლო დანიშვნის შესახებ კითხვები ჟურნალისტებმა თბილისის მერსა და მმართველი გუნდის გენერალურ მდივანს კახა კალაძეს დაუსვეს, თუმცა მას ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს. 

"კულტურის სამინისტრო ცალკე სამინისტროდ არ არის გამოყოფილი. ამაზე საუბარიც არ ყოფილა", - განაცხადა კალაძემ. 

აღნიშნულ საკითხს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გამოეხმაურა. გიორგი კახიანი მიიჩნევს, რომ სამინისტროების გამოყოფა მიზანშეწონილია. 

"ვფიქრობ, პრაქტიკამ აჩვენა, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე არსებობა მიზანშეწონილია. თუ მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაზე შემდეგ პარლამენტი იმსჯელებს და ვფიქრობ, პარლამენტის მხრიდანაც თანხმობა იქნება“, - აღნიშნა კახიანმა. 

განათლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და ახლა დამოუკიდებელი დეპუტატი მარიამ ჯაში განათლებისა და კულტურის სამინისტროდან, კულტურის კომპონენტის გამოყოფას ასევე მიესალმება. 

"კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის რანგში მე ვიყავი წინააღმდეგი სამინისტროების შერწყმის, რადგან მოსალოდნელი იყო არამხოლოდ ჩრდილში მოქცევა კულტურის სფეროს, არამედ დამატებითი ბარიერების შექმნა. რეალობა სწორედ ასე განვითარდა და ჩვენი ხელოვანები მუდმივად აფიქსირებდნენ უკმაყოფილებას. მივესალმები გამოყოფას ამ უწყების", - აღნიშნა ჯაშმა. 

გარდა ამისა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ერთი შესაძლო მინისტრის თაობაზე. კერძოდ, თანამდებობა შესაძლოა ბადრი მაისურაძემ დაიკავოს. 


close დახურვა