logo
ENG



ერთადერთი სიტყვა მახსენდება ზურაბიშვილთან მიმართებაში:სირცხვილი - პარლამენტთან აქცია დაიწყო

04 მარ 202014:05
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები მართავენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტია და ის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს, რითაც ქვეყანას აზიანებს. 

აღსანიშნავია, რომ აქცია-პერფორმანსზე გაჟღერდა საუნდტრეკი ფრანგული მხატვრული ფილმიდან "სათამაშო".  აქციის მონაწილეების თქმით, მსგავსი პერფორმანსი სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, რადგან ზურაბიშვილი თავად არის სათამაშო და თანაც ფრანგული უკეთ ესმის, ვიდრე ქართული ენა. 

"დღეს მოვედით აქ რათა ჩვენ წარმოვადგინოთ პრეზიდენტის წლიური ანგარიში, რადგან დარბაზში რაც ხდება ეს თამაშია. ზურაბიშვილი არის დაქოქილი თოჯინა და რეალური ანგარიში აქაა წარმოდგენილი. წლის განმავლობაში მან შეიწყალა პოლიციის მკვლელები, ჭამა უფრო მეტი ლობიო ვიდრე საქმე აკეთა, მოატყუა ადგილობრივი მოსახლეობა და საერთაშორისო საზოგადოება, ათასი მავნებლობა გააკეთა. ამიტომ რეალური ანგარიში წარვადგინეთ ჩვენ და საუნდტრეკიც გავაჟღერეთ ცნობილი ფილმიდან, რადგან მას ფრანგული უკეთ ესმის ვიდრე ქართული",-აცხადებს კონსტანტინე შუბითიძე. 

აქციაში მონაწილეობს მოძრაობაც "ქვეყნის სამსახურში". გიგა მაქარაშვილი იმედოვნებს, რომ მსგავსი პრეზიდენტი ქვეყანას ვეღარ ეყოლება, რადგან ის სრულიად შეუსაბამოა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. 

"ზურაბიშვილი თავადაა მიუღებელი ჩვენთვის და ერთადერთი სიტყვა მახსენდება მასთან მიმართებაში - სირცხვილი. ძალიან დიდი სირცხვილია ევროპისკენ მიმავალი ქვეყნისთვის ჰყავდეს პრეზიდენტად ზურაბიშვილი. ადამიანი, რომელმაც არანაირი ღირსება არ შეუნარჩუნა არც პრეზიდენტის ინსტიტუტს, ფეხქვეშ გათელა ჯარი, პირდაპირი დარტყმა მიაყენა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ვფიქორბთ, რომ "ქართული ოცნება" ზუსტად ის პარტიაა, ვისაც ასეთი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს. უბრალოდ საქართველო არ იმსახურებს ამას. ზუსტად ამიტომ ვართ აქ და მან უნდა იცოდეს, რომ ის ვერ გახდება საქართველოს პრეზიდენტი მეორედ. მსგავსი დაბალი დონის პრეზიდენტი არ გვყოლია და იმედი მაქვს, არც გვეყოლება",-ამბობს მაქარაშვილი


close დახურვა