logo

თალაკვაძე აქციაზე: ეს მიუთითებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა

clock 18 თებერვალი 2020 11:18

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანაში აზრის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია.

„ნებისმიერი პროტესტი, მათ შორის ისიც, რომელიც ქუჩაშია, მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა და საქართველოში ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. მიუხედავად ოპოზიცონერი კოლეგებისადმი ჩემი პატივისცემისა, ჩვენ გვაქვს ჩვენი საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა. ამიტომ ჩვენ უნდა დავამტკიცოთ თანამდებობაზე პროკურორი და მივიღოთ გადაწყვეტილება. ის, რომ ოპოზიცია კანდიდატურას არ ეთანხმება, ნორმალურია, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი მიიღებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ის აღნიშნულ თანამდებობას 3 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე იკავებდა. 2018 წლის 31 მაისს კი მან გენერალური პროკურორის თანამდებობა ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმესთან" დაკავშირებული დარღვევების გამო დატოვა. 

ამავდროულად, შოთაძის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობა შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა - გენერალური პროკურორობის კანდიდატის სასარგებლოდ 8 დეპუტატმა მისცა ხმა. შოთაძე თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დაინიშნება თუ მას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ ანუ მინიმუმ 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა დღეს გაიმართება. 

ამ წუთებში კი პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიტიკოსები, სამართალდამცავები და ჟურნალისტები არიან მობილიზებული - ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავენ და შენობის პიკეტირებას ახორციელებენ. ამ ფორმით ისინი გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დანიშვნას აპროტესტებენ. ცოტა ხნის წინ შელაპარაკება მოხდა სამართალდამცველებსა და ჟურნალისტ გიორგი კაპანაძეს შორის.

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა