logo
ENG



თებერვალი შინაური ცხოველების თვეა - მამუკა ხელაშვილის სტუდიაში ფოტოგადაღებები მიმდინარეობს

16 თებ 202020:14
3 წუთის საკითხავი
clock 439
g8vgedcwbvmbgrj.jpg

„თებერვალი შინაური ცხოველების თვეა" - პროექტის ფარგლებში მამუკა ხელაშვილის სტუდიაში ფოტოგადაღებები მიმდინარეობს. ცნობილი ადამიანები თავიანთ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად პოზირებენ.

ჟურნალისტები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების უფროსები, მსახიობები თუ მუსიკოსები მზრუნველი პატრონების ამპლუაში გვევლინებიან და გვახსენებენ რამდენად მნიშვნელოვანია ზრუნვა მათზე, ვისზეც პასუხისმგებლობა აიღეს.

ავტორებს სურთ დამთვალიერებლებს აჩვენონ, თუ როგორ ზრუნავენ ცნობილი ადამიანები თავიანთ ოთხფეხა მეგობრებზე და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვან იმას, რომ ცხოველებს ჩვენი დახმარება და ზრუნვა სჭირდებათ. 

პროექტი, რომელიც ასეთ კეთილ საქმეს ემსახურება, შეიძლება არც შემდგარიყო, მამუკა ხელაშვილი რომ სამშობლოში არ დაბრუნებულიყო. 35-წლიანი წარმატებული კარიერის შემდეგ, მან ცივ მოსკოვს თბილი თბილისი ამჯობინა და საკუთარი სტუდია ახლა აქ გახსნა. ფოტოგრაფიამ ბავშვობიდან გაიტაცა, შემდეგ კინოშიც მოხვდა. 

დღეს მის პორტფოლიოში არაერთი ცნობილი ბრენდის ფოტოა. სარეკლამო ფოტოგრაფიას კარგად მოერგო. სტუდიის აწყობისას ყოველთვის ცდილობდა ყველა თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებას. გადაღებისთვის მზადებას ისევე სერიოზულად უდგება, როგორც თავად პროცესს. ფოტოხელოვანისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ფოტოების დამუშავებაა. მას მიაჩნია, რომ სამივე კომპონენტის ერთობლიობა საბოლოოდ კარგ ფოტოებს ქმნის.  

პატრონებისა და შინაური ცხოველების ფოტოსესიების ციკლი თვის ბოლოს დასრულდება, თუმცა ფოტოხელოვანი მომავალშიც არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას გვპირდება. იმ ადამიანების ფოტოების ხილვა, რომლებიც მამუკა ხელაშვილის ფოტოობიექტივში მოექცნენ, სოციალური ქსელების მეშვეობით შეიძლება.


close დახურვა