კორონავირუსი საქართველოში არ ფიქსირდება. ამის შესახებ განცხადება თბილისი ინფექციურ საავადმყოფოში, კლინიკის სამედიცინო დირექტორმა თამარ ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფი ორი პაციენტიდან ერთი უკვე გაწერილია, მეორის ბიოლოგიური მასალა კი ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხი საღამოს გახდება ცნობილი. ორივე პაციენტი რამდენიმე დღის წინ ჩინეთიდან დაბრუნდა საქართველოში. 

„გუშინ შეფასდა ეს პაციენტი როგორც შესაძლო შემთხვევა და კვლავ მოთავსდა ჩვენთან, რათა ჩატარებოდა ტესტი. გუშინ წინასწარი კვლევებით მნიშვნელოვანი შედეგები არ იყო და ჩვენთან მოთავსების შემდეგ, ტემპერატურა აღარ ქონია. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვიცით, რომ მასთან პასუხი ნეგატიურია“, - აცხადებს ეზუგბაია.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში გასული დღის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით 116 ადამიანი დაიღუპა.  გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 1480-ს გადააჭარბა. დაავადების გავრცელების ეპიცენტრში დაინფიცირების ხუთი ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლიდა.