logo
ENG



კონსულტაცია რუს ემისართან - თბილისში ლავროვის უწყების ჩინოვნიკი იმყოფება

18 თებ 202021:02
3 წუთის საკითხავი
clock 441

რუსული რბილი ძალის გააქტიურება საქართველოში - თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, სერგეი პშენიჩნი იმყოფება.

ლავროვის უწყების ჩინოვნიკი იმ ორგანიზაციებს ხვდება, რომლებიც პრორუსული განწყობითა და ანტიდასავლური საქმიანობით გამოირჩევიან.

სამოქალაქო საზოგადოებაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი აქტივობები 2020 წლის არჩევნების წინ მოსალოდნელი იყო. მათი თქმით, ეს არის სიგნალი, რომ რუსეთი საქართველოში დაგეგმილი არჩევნებისთვის ემზადება.

„ჩვენ უნდა ვიყოთ მზად წარმოუდგენლად დიდი ომისათვის, რომელიც იქნება თანამედროვე მეთოდებით ომი პროპაგანდისა და სხვადასხვა საშუალებებით. აღმოჩნდა, რომ რუსეთი მომზადებულია. ჩვენ ვხედავთ უკვე დასავლეთშიც დიდ გავლენას, რომელსაც ახდენს რუსეთი“, - განაცხადა ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემ.

მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლის, მარიამ ბაჯელიძის თქმით, თუ ხელისუფლება რუსულ გავლენებთან ბრძოლის მიმართულებით მოწოდების სიმაღლეზე არ დადგება, ამას სამოქალაქო საზოგადოება გააკეთებს.

„ხშირად, რბილი ძალის გამოყენებით რუსეთი ახერხებს საქართველოში ნარატივების მომძლავრებას. მაგალითად თეატრის, სპორტის, კულტურული ღონისძიებებით, იმით, რომ თითქოს ერთმორწმუნე ძმები ვართ. ეს არის რუსული პროპაგანდა, რომლითაც ისინი ცდილობენ სენტიმენტების გაღვივებას. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, მაგალითად 20 ივნისს დავამტკიცეთ, რომ ყველანაირ რუსულ გავლენას ვეწინააღმდეგებით და თუ ხელისუფლება არ იქნება მოწოდების სიმაღლეზე, სამოქალაქო საზოგადოება ამ სიმაღლეზე დადგება“, - განაცხადა მარიამ ბაჯელიძემ.

აღსანიშნავია, რომ სწორედ გუშინ ესტონეთის საგარეო დაზვერვა საქართველოს აფრთხილებდა, რომ წინასაარჩევნოდ კრემლი საქართველოში გავლენებს გააფართოებს. 


close დახურვა