logo
ENG



მაინტერესებს, გაბედავს თუ არა ახსენოს რუსეთი - ოპოზიცია ზურაბიშვილის გამოსვლას არ ესწრება

04 მარ 202012:17
3 წუთის საკითხავი
 

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოსმენა ცოტა ხანში უნდა დაიწყოს. სამივე ოპოზიციური პრტია -"ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "პატრიოტთა ალიანსი" ბოიკოტის რეჟიმს ინარჩუნებს და პროტესტის ნიშნად სხდომას არ დაესწრებიან. ხელისუფლების ოპონენტები ზურაბიშვილის ივანიშვილის ხელდასმულ მმართველად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ პრეზიდენტი არ შეეხება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებსა და მოვლენებს, ამიტომ სხდომაზე მისვლას აზრი არ აქვს. 

"ერთი რამ მაინტერესებს, გაბედავს თუ არა ახსენოს რუსეთი. თუ სიტყვის დასასრულს, ბოლოში იტყვის მხოლოდ - ჩვენი ჩრდილოეთი მეზობელი?! თუ უნდათ ხოლმე, რუსეთი ახსენონ სწორედ ასე მოიხსენიებენ. შეიძლება მოისმინონ ჩემი განცხადება და ურჩიონ რუსეთი ახსენოს.  მე არ მჯერა, რომ ამ სიტყვას იტყვის. მან უნდა გასცეს პასუხი ყველა იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, შეწყალებზე, აპირებს თუ არა უგულავა და სხვა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს საპყრობილედან",-აცხადებს რომან გოცირიძე. 

"ევროპულ საქართველოში" კი აქვთ მოლოდინი, რომ პრეზიდენტი სიტყვის გამოსვლისას რაიმე სკანდალურ განცხადებას გააკეთებს, რის შედეგადაც დააზიანებს სახელწმიფო რეპუტაციას.

"ზურაბიშვილი ნამდვილად არაა საინტერესო. ერთადერთი მთავარია, რამე ისეთი არ თქვას, რითაც ქვეყანას კიდევ ერთხელ დააზიანებს, რადგან მისი ყოველი გამოსვლა  სკანდალურია. რა თქმა უნდა, საინტერესო იქნებოდა დაგვესვა კითხვები, რატომ შეიწყალა მაგალითად პოლიციელის მკველელი ",-აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

"პატრიოტთა ალიანსი" ყურადღებას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ამახვილებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სანამ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი არ მოგვარდება, ოპოზიცია ბოიკოტის გაგრძელებას გეგმავს. 

"ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რასაც ხელისუფლება არ აღიარებს. ასევე სოციალური კრიზისია. საგარეო ფაქტორებს უნდა მიექცეს ყურადღება. შეკითხვები ბევრია, მაგრამ ვიდრე არ გადაწყდება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხი, ვართ ბოიკოტის რეჟიმში და არ ვმონაწილეობს საპარლამენტო პროცესებში,"-აცხადებს ირმა ინაშვილი.


close დახურვა