„რომ მოვიგო სააპელაციო სასამართლო ან უზენაესი სასამართლო თეორიულად, მე ვერ აღმიდგება უფლებამოსილება სადეპუტატო“-აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ გააკეთა. მელიას თქმით, გარდა საკონსტიტუციო სასამართლოსი არ არსებობს ინსტრუმენტი, რომელიც მას დეპუტატის უფლებამოსილებას აღუდგენს.

 „პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმები არ არის ამოწურული, შესაძლებლობები არ არის გამოლეული, სააპელაციო სასამართლოში და უზენაეს სასამართლოში მე ვაპირებ ბოლომდე დავას და მე ვდაობ კიდეც, რომ მოვიგო სააპელაციო სასამართლო ან უზენაესი სასამართლო თეორიულად, მე ვერ აღმიდგება უფლებამოსილება სადეპუტატო. ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ პირველივე დღიდანვე საუბრობს. შესაბამისად არ არსებობს ინსტრუმენტი, რომელიც მე უფლებებს აღმიდგენს, გარდა საკონსტიტუციო სასამართლოსი. ეს კაზუსი შექმნა თავად პარლამენტმა, მათ იცოდნენ, რომ ასეთ კაზუსურ ვითარებასთან ექნებოდათ საქმე, მაგრამ მიუხედავად ამისა მიიღეს გადაწყვეტილება და პარლამენტიდან გამომაგდეს. იფიქრეს, რომ მელია თუ არ იქნება მოქმედი პარლამენტის წევრი და მას არ დაიცავს იმუნიტეტი უფრო მოწყვლადი იქნება და მას დავიჭერთ“,-განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა. საქმე 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით მოუხდა ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატის დატოვება. გარდა ამისა, მას 25 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდაც მოუწევს, ასევე აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით.