„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება, ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი სარჩელი განიხილება.

მოსამართლეთა პლენუმმა უნდა გადაწყვიტოს დაირღვა თუ არა კონსტიტუცია პარლამენტის მხრიდან, როდესაც საკანონმდებლო ორგანომ მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეუჩერა. როგორც სასამართლოში მელიამ განაცხადა, სასამართლო ივანიშვილის ხელშია და მისი მიღებული გადაწყვეტილება ობიექტური ვერ იქნება.

„რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს ვეფხია ლომიძემ, მე იმ გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები. არ დავემორჩილები იმიტომ არა, რომ არ ვენდობი სასამართლო გადაწყვეტილებას, უბრალოდ, გავაპროტესტებ სასამართლოს არარსებობას. იქნება პატიმრობა? მე ამ გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები. 

დაეწერა სააპელაციო სასამართლოში ეს საქმე ერთ-ერთ ყველაზე მორჩილ მოსამართლეს ივანიშვილის ხელისუფლებაში ბატონ ვეფხია ლომიძეს. იგი გახლავთ მანტია შემოსხმული ქართული ოცნების წარმომადგენელი და მისი გადაწყვეტილება ვერ იქნება ობიექტური. შესაბამისად, მის გადაწყვეტილებას ვერ ვენდობი. წარმოიდგინეთ, მე რომ მანტია შემოვისხა და პატიმრობა მივუსაჯო ქართული ოცნების რომელიმე ლიდერს, პარტია ქართული ოცნების რომელიმე ლიდერი უნდა დაემორჩილოს ნიკა მელიას გადაწყვეტილებას? არა, რა თქმა უნდა და მართლებიც იქნებიან. შესაბამისად, ვეფხია ლომიძე ჩემთვის მოსამართლე არ გახლავთ“, - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა. საქმე 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით მოუხდა ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატის დატოვება. გარდა ამისა, მას 25 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდაც მოუწევს, ასევე აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით.

რაც შეეხება ბანკი ქართუს საქმეს - „ნაციონალური მოძროაბის“ ლიდერს ნიკა მელიას ჯარიმა, ყოფილ იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს კი 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა - სასამართლომ „ქართუ“ ბანკის გაკოტრების საქმეზე განაჩენი 7 წლის შემდეგ გამოაცხადა.  გამოძიება მასაც და ზურაბ ადეიშვილსაც, "ბანკი ქართუს" საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავებოდა.

მელიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება პროკურატურამ ცოტა ხნის წინ გაასაჩივრა და 10 მარტს გახდება ცნობილი მიუსჯიან თუ არა მელიას პატიმრობას „ქართუ ბანკის“ საქმეზე.

 

„ქართუ ბანკის“ საქმე.