logo
ENG



მშვილდაძე: დღეს ძველით ბედობაა და იმედია ის ნიუსები არ დაგვებედება, რაც დღეს მოხდა

15 იან 202023:21
3 წუთის საკითხავი
clock 745
bmnhsot0yboqicv.jpg

15 იანვრის, ე.წ. ძველით ბედობის გადაცემაში მიშა მშვილდაძემ, ტრადიციულად, მიმოიხილა დღის მნიშვნელოვანი თემები. პირველი თემა, რომლის შესახებაც ისაუბრა, იყო რუსთავის მერიის ტენდერები - როგორც აღმოჩნდა, მერია სოციალურად დაუცველთა გამოკვებასა და ქალაქის შესასვლელში წარწერაში ერთსა და იმავე თანხას ხარჯავს.

„გილოცავთ ძველით ბედობას! იმედია, დღეს როგორი ნიუსებსაც დავიბედებთ, ეგეთი ნიუსები არ დაგვებედება მთელი წელი. დავიწყოთ: რუსთავის მერიამ ტენდერი გამოაცხადა და ქალაქის შესასვლელში წარწერის გაკეთებაში 909 548 ლარის დახარჯვას გეგმავს. ანუ, თითქმის მილიონი დაგვიჯდება ქალაქის შესასვლელთან რუსთავი რომ დააწერონ. არ ვიცი რა ვთქვა...ამხელა ფულს თუ ხარჯავთ, ველქამ თუ ნიუ იორკს მაინც ხო უნდა აწერდეთ! რუსთავის მერიამ მეორე ტენდერიც გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველებს დღეში ლარად და 85 თეთრად გამოკვებავს. თუ გინდათ დავამრგვალებ და ვიტყვი, რომ 2 ლარამდე დახარჯავს, მაგრამ რა შეიცვლება? ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ ტენდერის თანახმად, რუსთავის მერიას 1 900 სოციალურად დაუცველის გამოკვება 1 წლის განმავლობაში მილიონ 100 000 ლარი უნდა დაუჯდეს. ანუ, რუსთავის მერია წარწერის გაკეთებასა და სოციალურად დაუცველების 1 წლით გამოკვებაში დაახლოებით ერთი და იგივე თანხას დახარჯავს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოთქმას „ასფალტი ვჭამოთ?" ღირსეული მემკვიდრე გამოუჩნდა", - განაცხადა მიშა მშვიდლაძემ.

გადაცემა „თითქმის ყოველდღეს“ წამყვანი შეეხო Human Rights Watch-ის ანგარიშსაც და გამოთქვა იმედი, რომ უარყოფითი მოვლენები არ დაგვებედება.

„უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ჰუმან რაითს ვოჩი" მსოფლიოში ადამიანის უფლებათა შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც 2019 წელი შეაჯამა. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ საქართველოში არსებული ვითარება ძალიან მწვავედ არის შეფასებული. დრო არ დავკარგოთ, პირდაპირ გაპრავებებზე გადავიდეთ.... რატი იონათამიშვილი ჰუმან რაითს ვოთჩის შესახებ: მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ ავტორებმა და არ უნდა დაეყრდნონ მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებებს. რომან კაკულია: Human Right Watch-ის ანგარიშის შედგენაში ოპოზიცია მონაწილეობდა. ეს ორი გაპრავება უბრალოდ გასახურებლად წაგიკითხეთ, გენიალური გაპრავებისთვის შესამზადებლად. ნინო წილოსანმა განაცხადა: ეს ანგარიში მომზადებულია აშკარად მანამ, სანამ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა აღიარებითი ჩვენება, რომ 20 ივნისს ხელისუფლების დამხობის მცდელობა იყო. ნინო წილოსანი გულისხმობს სააკაშვილის რამდენიმე დღის წინანდელ ინტერვიუს, სადაც ამბობს ხელისუფლების დამხობასთან ახლოს ვიყავითო, თუ რაღაც ეგეთ სისულელეს. მოკლედ, წილოსანის აზრით, ჰუმან რაითს ვოჩს რომ მოესმინა მიშას ეს განცხადება, აღარ დაწერდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას საშინელი ნარკოპოლიტიკა აქვს, ირღვევა უმცირესობების უფლებები, პრობლემაა შრომის უსაფრთხოება და შრომითი უფლებების დაცვა, პრობლემებია მედიაში", - თქვა გადაცემის წამყვანმა.

მიშა მშვილდაძემ 15 იანვრის გადაცემაში ახალი რუბრიკაც შემოგვთავაზა სახელწოდებით, „საწყალი ქუთაისის პარლამენტი“.

„შემოგთავაზებთ ჩვენს ახალ რუბრიკას „საწყალი ქუთაისის პარლამენტი". ასეთი ინფორმაცია გავრცელდა რამდენიმე საათის წინ: ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი, შესაძლოა, აღარ განთავსდეს. ეს არის პირველი ნიუსი ქუთაისის პარლამენტის შენობაზე 2019 წლის ნოემბრის შემდეგ. 2019 წლის ნოემბერში ასეთი ნიუსი გვქონდა: ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის დაკონსერვების სამუშაოები დაიწყო. 330-მილიონიანი შენობა რომ არაფერში გამოვიყენოთ, ამაზე ფულის ხარჯვა დაიწყო 2019 წლის ნოემბერში და დღეს გვითხრეს, რომ შესაძლოა, შსს-ს ჰაბი აღარ განთავსდეს. ანუ, დაკონსერვების სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს. ჩემი გადაცემის მიზანი საერთოდ არ არის დაეხმაროს ამ ხელისუფლებას, შეამჩნიეთ ალბათ, მაგრამ იმდენად გვაწუხებს 330-მილიონიანი შენობის ბედი, გადავწყვიტეთ ხელისუფლებას რჩევები მივცეთ.

მონოლოგი კი მშვილდაძემ დაასრულა რუბრიკით „არასწორი სათაურები“ - ამ რუბრიკით გადაცემა ერთგვარ დახმარებას უწევს პრესას პირდაპირობაში.

„მონოლოგს დავასრულებთ რუბრიკით „არასწორი სათაურები". „კახა კალაძე – 2019 წელს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ“ - ეს სათაური ასე უნდა იყოს: თბილისში კიდევ რამდენიმე ქუჩა გადაითხრება და ნერვები მოგვეშლება. „თბილისში გუშინ იუსკი და გრანდ ელექტრონიქსი გაქურდეს, დღეს -ელიტ ელექტრონიქსი“ - ეს სათაური ასე უნდა იყოს: თბილისში გუშინ იუსკი და გრანდ ელექტრონიქსი გაქურდეს. დღეს კი, ელიტ ელექტრონიქსი დააყოლეს. „ქუთაისის პარლამენტის შენობა შსს-ს აღარ გადაეცემა“. ჩემი აზრით, ასე უფრო მართებული იქნებოდა: ბიძინამ შსს-ც გადააგდო.

გადაცემის შემდეგ ბლოკში წამყვანმა სტუმართან ერთად შეაჯამა დღის მნიშნელოვანი მოვლენები. გადაცემის სტუმარი 15 იანვარს გოკა გაბაშვილი იყო.

გადაცემა კი დასრულდა ტრადიციული გამოსამშვიდობებელი ხუმრობით, რომელშიც წამყვანი ირანელი ჟურნალისტების მიერ სამსახურის დატოვებას აფასებს.

„გადაცემას დავასრულებ ინფორმაციით, რომელსაც ვისურვებდი საქართველოდან ყოფილიყო: სახელმწიფო ტელევიზიის სამმა ჟურნალისტმა მაყურებელს ბოდიში მოუხადა და სამსახური დატოვა. მაპატიეთ, რომ 13 წლის განმავლობაში გატყუებდით – განაცხადა ერთ-ერთმა ტელეწამყვანმა. ეს მოხდა ირანში", - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.


close დახურვა