kq6mp5gx261l9fq.jpg

28 იანვრის „თითქმის ყოველდღე“ მიშა მშვილდაძემ ვახტანგ გომელაურის განცხადებაზე გამოხმაურებით დაიწყო. მისი თქმით, პოლიციელსა და ლევან იზორიას ძმას შორის დაპირისპირებას კანონდარღვევა იმიტომ არ უწოდა მინისტრმა, რომ კასრში შეშის დანთება არ იყო ნახსენები.

პოლიციელისადმი მიმართვა „ფორმას გაგხდი" არ ყოფილა თურმე პრობლემა. შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, იზორიას ძმის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ფორმას გაგხდი" დანაშაული არ არისო. ფორმას გაგხდიო, რომ ეთქვა და იქვე კასრში შეშა დაენთო, აი ეგ უკვე ძალიან მძიმე დანაშაული იქნებოდა", - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

გადაცემის წამყვანი შეეხო ლევან იზორიას ელჩად დანიშვნასაც და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გერმანიაში დასაქმებები ახლობლებით დაიწყო.

„ლევან იზორიას ძმის საქმის გაპრავების პარალელურად, თვითონ ლევან იზორიაც გამოჩნდა. მისი განცხადებით, გერმანიაში საქართველოს ელჩი გახდება. ანუ, ბიძინამ გერმანიაში დასაქმებები შინაურებით დაიწყო. მალე ხალხსაც მიხედავს. რიგის ნომერი აიღეთ", - ამბობს მიშა მშვილდაძე.

მაყურებლისთვის უფრო მარტივად გასაგები რომ გამხდარიყო, გადაცემის წამყვანმა ახსნა, თუ რა არის ე.წ. ნარუშილოვკა.

„ვინც მინისტრის ნათესავი არ ხართ, აგიხსნით რა არის ე.წ. ნარუშილოვკა. „ნარუშილოვკა" საიდუმლო დოკუმენტია. გაიცემა მინისტრის ბრძანებით და მისი გამოყენების უფლება მხოლოდ ოპერატიულ მუშაკებს აქვთ. ისიც მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა სპეციალური დავალების შესასრულებლად მიდიან.
მაგალითად, ოპერატიული თანამშრომელი თუ ტერორისტს მისდევს, პატრულმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის რომ არ დააჯარიმოს, სჭირდება ე.წ. „ნარუშილოვკა", - განმარტა მშვილდაძემ.

ლევან იზორიას ძმის ინციდენტთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა გადაცემის შემქნელებს ახალი რუბრიკის მოფიქრებისკენ უბიძგა -„ჩვენი მოგონილი ნეპოტიზმი".

ნარუშილოვკის" თემამ გვიბიძგა რუბრიკისკენ „ჩვენი მოგონილი ნეპოტიზმი". შეგახსენებთ, ნებისმიერი დამთხვევა იქნება შემთხვევითი...
1. თურმე ლევან იზორიას კატასაც აქვს ნარუშილოვკა.
2. ერთ-ერთი ქალაქის მერმა, ქორწინების 10 წლისთავთან დაკავშირებით, ცოლის კომპანიას 10 ტენდერი მოაგებინა და მისი საყვარელი სუნამო აჩუქა.
3. ყვარელში დადგმული ილია ჭავჭავაძის  ძეგლი ყვარლის მერის ბაბუის ძეგლი აღმოჩნდა.
4.კასპის მერმა ნათესავები ვერ დაასაქმა, მაგრამ კაბინეტები მაინც გამოუყო 
5.ტყვიავის გამგებელმა ნათესავს 100 ჰექტარი მიწა 60 თეთრად გადასცა 
6.მარტოხელა, ობოლმა გამგებელმა თავის მოადგილედ საკუთარი თავი დანიშნა
7.ქობულეთის მერმა იმდენი ნათესავი დაასაქმა, რომ თვითონ უსამსახუროდ დარჩა
8.თბილისში ბორდიურების რემონტის ტენდერი ალესანდრო ნესტას კომპანიამ მოიგო 
9.ბათუმის მერმა სილამაზის კონკურსში საკუთარ შეყვარებულს ვერ გაამარჯვებინა, მაგრამ მთავარი პრიზი, ბინა ბათუმში მაინც მას გადაეცა. 
10. ერთ-ერთი ქალაქის მერმა საკუთარი ნახევარძმა ნახევარ განაკვეთზე დაასაქმა.
11. ხონის გამგებელმა შვილები აჭიდავა და გამარჯვებული მოადგილედ დანიშნა, დამარცხებული კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად".

ახალი რუბრიკის წარდგენის შემდეგ მიშა მშვილდაძე შეეხო პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს აშშ-ში და ვარაუდიც გამოთქვა, მისი დაბრუნების შემდეგ კრიტიკის რამდენი წერილი შეიძლება მიიღოს მთავრობამ.

„არჩილ თალაკვაძე ამერიკაში მიემგზავრება რათა „დაალაგოს" ყველაფერი კონგრესთან. როგორც იცით, წინა თვეში ამერიკაში იმყოფებოდა ირაკლი კობახიძე და მას შემდეგ, 8 კონგრესმენმა მკაცრად გაგვაკრიტიკა. ვნახოთ არჩილი რა შედეგით დაგვიბრუნდება. ჩვენ შეგვიძლია ფსონები შემოგთავაზოთ: რვა ნახევარზე მეტი კონგრესმენის წერილი 1,1 აქვს კუში, 8.5-ზე ნაკლები 10.0", - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

მონოლოგის დასრულების შემდეგ მიშა მშვილდაძემ სტუმართან, დავით ლაბაძესთან ერთად მიმოიხილა მნიშვნელოვანი თემები.

გადაცემა კი დასრულდა კარგი ამბით, რომ ბრიტანელ მოგზაურს ველოსიპედი დაუბრუნეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრიტანელ მოგზაურს, როუან კემპბელს, რომელიც სინგაპურიდან ბრიტანეთში ველოსიპედით მიდიოდა, თბილისში მოპარული ველოსიპედი დაუბრუნეს. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, კემპელს ველოსიპედი აჩუქეს. ანუ, მას ახლა ორი ველოსიპედი ჰყავს. მოკლედ, საქართველოს ისტორიაში დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, როდესაც „დაველოდოთ გამოძიების შედეგებს", ამ ფრაზისათვის მართლა უნდა დაგვეჯერებინა", - ამბობს მიშა მშვილდაძე.