logo
ENG



რაგბის კავშირის მოქმედი პრეზიდენტი აბუსერიძეს არჩევნების ხელოვნურ ჩაშლაში ადანაშაულებს

24 თებ 202017:08
3 წუთის საკითხავი
clock 467

რაგბის კავშირის მოქმედი პრეზიდენტი, გოჩა სვანიძე ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის ხელოვნურ ჩაშლაში ადანაშაულებს. მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს, რომელზეც აუდიტის სამსახური წერს, გოჩა სვანიძემ მის წინააღმდეგ კამპანიის ნაწილი უწოდა.

„რატომ არ მოვიდნენ - გუშინაც გვქონდა ინფორმაცია, რომ ხელოვნურად ხდება კლუბების იძულება და ეს ეხება მუნიციპალურ კლუბებს. გვყავს ჩვენ პარტიული კონკურენტი, რომელსაც პირადი კავშირები გააჩნია მაჟორიტარებთან და მათი მხრიდანაა ზეწოლა კლუბებზე. აუდიტის სამსახურმა გადაამეტა უფლებამოსილებას, მაგრამ დასკვნა არ შეიცავს არაფერს, რაც შეიძლება იქცევდეს საზოგადოების ყურადღებას. თუ ადევნებთ თვალყურს იმ ლანძღვა-გინებას,  რომელიც ჩემ მიმართაა, აუტანელია და შემთხვევით ხომ არ ხდება. აბა თუ გამოიცნობთ, ვისი მხრიდანაა", - აცხადებს გოჩა სვანიძე.

გამგეობის წევრები აცხადებენ, რომ რაგბის კავშირში არანაირი ფინანსური დანაშაული არ არსებობს და ამ ყველაფერზე შესაბამისი ორგანოები იმუშავებენ.

„მე ვარ გამგეობის წევრი - აქ რომ ფული იჭმეოდეს, მე აქ არ ვიქნებოდი. აქ თუ ერთი კაპიკი შეიჭამა, ჩემდა თავად იქ მყოფის. გააკეთებს გოჩა განცხადებას და მოსთხოვს ორგანოებს, გაარკვიონ ყველაფერი", - აცხადებენ რაგბის კავშირში.

დელეგატები კი ამბობენ, რომ პროცესი ხელოვნურად მართული არაა და ჩაშლის მიზეზი ის გახდა, რომ გოჩა სვანიძემ საეჭვო ფინანსური ოპერაციები განახორციელა.

„დელეგატებს აინტერესებთ კითხვებზე პასუხები, გვაინტერესებს მიწა როგორ გაიყიდა რა ფასში, რატომ შეამცირეს საბაზრო ფასი და მერე ზურგსუკან რა ვირეშმაკობები იყო, ეგ გვაინტერესებს და მერე ველაპარაკებით არჩევნებზე. ჩვენ არ ვართ მომხრე რომ ვინმეს პრობლემები შევუქმნათ და ვინმე ციხეში წავიდეს, მაგრამ კომუნიკაცია ხო უნდა იყოს კლუბებთან, პასუხსაც არ გვაძლევენ“, -  ამბობენ დელეგატები.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები დღეს ჩაიშალა - საჭირო რაოდენობის დელეგატები არ გამოცხადდნენ. როგორც რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ირაკლი აბუსერიძემ სხდომის ჩაშლის შემდეგ განაცხადა, არსებული სიტუაცია აუდიტის დასკვნის ბრალია, რომლის თანახმადაც დანაშაულის ნიშნები იკვეთება.


close დახურვა