logo
ENG



საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან მსვლელობა დაიწყეს

18 თებ 202012:02
3 წუთის საკითხავი
clock 1346

ოპოზიციურმა პარტიებმა და აქტივისტებმა პარლამენტთან მსვლელობა დაიწყეს. აქციის მონაწილეები, რომლებიც გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დანიშვნის პროცესს აპროტესტებენ, საკანონმდებლო ორგანოს წრეს დაარტყამენ. მსვლელობა პარლამენტის წინ დასრულდება.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნული ამოცანაა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლა.

„გავიგეთ ახლა, რომ შოთაძე არც კი მოჰყავთ. ეს ვითარებას არ ცვლის, სანამ ეს სამარცხვინო კაცი მართავს ქვეყანას. ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემდეგ გადამდგარი კაცი, რომელზეც თავად ოცნების მხარდამჭერებიც კი აღშფოთებულები იყვნენ, ვერც კი მოყავთ, რომ დაამტკიცონ. მართლა რა დღეში უნდა იყო, რომ შენი რჩეული პროკურორის მოყვანა აღარ გინდოდეს. ეს მაგალითია, რომ ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება ეროვნული ამოცანაა და შემდეგ უკვე შესაცვლელია ბევრი რამ, რომ არასდროს მომავალში ამ ტიპის, როგორც შოთაძეა, კლოუნები აღარ იყვნენ ხელისუფლებაში“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ის აღნიშნულ თანამდებობას 3 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე იკავებდა. 2018 წლის 31 მაისს კი მან გენერალური პროკურორის თანამდებობა ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმესთან" დაკავშირებული დარღვევების გამო დატოვა. 

ამავდროულად, შოთაძის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობა შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა - გენერალური პროკურორობის კანდიდატის სასარგებლოდ 8 დეპუტატმა მისცა ხმა. შოთაძე თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დაინიშნება თუ მას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ ანუ მინიმუმ 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა დღეს გაიმართება. 

ამ წუთებში კი პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიტიკოსები, სამართალდამცავები და ჟურნალისტები არიან მობილიზებული - ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავენ და შენობის პიკეტირებას ახორციელებენ. ამ ფორმით ისინი გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დანიშვნას აპროტესტებენ. ცოტა ხნის წინ შელაპარაკება მოხდა სამართალდამცველებსა და ჟურნალისტ გიორგი კაპანაძეს შორის.

 

 


close დახურვა