logo
ENG



სევდია უგრეხელიძე: საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობა არ არსებობს

27 იან 202012:53
3 წუთის საკითხავი
clock 715

თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს პროტესტის ნიშნად ტოვებენ. ამის შესახებ მათ სპეციალური ბრიფინგიც გამართეს. ოპოზიციონერი დეპუტატები მათი თანაგუნდელის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს და ამ თემაზე უმრავლესობის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებენ. 

როგორც საკრებულოს წევრი სევდია უგრეხელიძე აცხადებს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობა არ არსებობს.

„ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციას გააჩნია აღმასრულებელი საბჭო, რომელშიც გვეკუთვნის კვოტა და 4 წევრი ვიყავით. პროტესტის ნიშნად ვტოვებთ ამ საბჭოს, რადგან ვთვლით, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობა არ არსებობს. საქართველოში არსებობს ერთი კაცის არაფორმალური მმართველობა და მისი მფარველობის ქვეშ მიმდინარეობს კრიმინალური გარჩევები“, - აცხადებს უგრეხელიძე.

საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე კი მიიჩნევს, რომ ყველა ძალადობის უკან თავად თბილისის მერი დგას.

„გარდა იმისა, რომ კახი კალაძე თბილისის მერია, ამავდროულად, საქართველოს თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტიცაა, რომელიც უნდა იყოს მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რადგან ეს არის ორგანო, რომელიც აკომპლექტებს ევროსაბჭოში ადგილობრივ და რეგიონალურ კონგრესში ჩვენი დელეგაციის წევრებს. თუმცა, ეს კაცი ის ადამიანია, რომელიც ახალისებს ამ ძალადობას და ის დგას ამ ძალადობის უკან. ვტოვებთ ამ ორგანიზაციას და ამ წუთებშიც მიმდინარეობს ითარგმნოს ყველა ის ვიდეო, ყველა  მტკიცებულება და ძალადობრივი კომენტარები, რომელსაც ადგილი ქონდა კახი კალაძის მხრიდან“, - აცხადებს ნადირაძე.

შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილს 24 იანვარს ბიუროს სხდომის დროს საკრებულოში სცემეს. კადრებში ჩანს, რომ ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატი თავს დაესხა. თავად ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი იყო. მას საქმის გამოძიების იმედი არ აქვს. 


close დახურვა