logo
ENG



სესიაშვილი: პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას

25 თებ 202012:17
3 წუთის საკითხავი
clock 504

იუნკერების ხსოვნას პატივი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმაც და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მიაგეს. მათი თქმით, საქართველო ახლა შემდგარი ქვეყანაა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით ქვეყანა ტერიტორიების დეოკუპაციას მალე შეძლებს.

„1921 წლის 25 თებერვალს რუსეთია არმიამ მოახერხა ჩვენი ქვეყნის ოკუპირება. თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ ჩვენ კიდევ გვიწევს ბრძოლა იმისათვის, რომ რუსეთმა მოახდინოს დეოკუპაცია. განსხვავებით 1921 წლისა დღეს ეს ქვეყანა არის შემდგარი“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აცხადებს, რომ ოკუპაციას, საქართველომ სამშვიდობო პოლიტიკით გათვალისწინებული, ყველა არსებული მექანიზმი უნდა დაუპირისპიროს.

„მნიშვნელოვანი დღე არის. პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ებრძოდნენ ოკუპაციას. სამწუხაროა რომ ოკუპაცია გრძელდება. ჩვენ ამ პროცესს უნდა დავუპირისპიროთ ყველა ის მექანიზმი, რომელიც გაგვაჩნია და განვახორციელოთ ყველა ის საკითხი, რომელიც სამშვიდობო პოლიტიკით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის ასეულ-ათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

შეგახსენებთ, რომ 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.


close დახურვა