logo
ENG



უდუმაშვილი კუბილიუსის განცხადებაზე:არ ვდარდობ ოცნების იმიჯზე, მაგრამ ქვეყანა ზარალდება

19 თებ 202012:25
3 წუთის საკითხავი
clock 422

ანდრიუს კუბილიუსის განცხადება გარკვეული სანქციების შესახებ, მოსალოდნელი იყო ოპოზიციონერი ლიდერებისთვის. როგორც მმართველი ძალის ოპონენტები აცხადებენ, ქვეყანაში არსებული რეპრესიებისა და არადემოკრატიული პროცესების ფონზე ევროკავშირის მხრიდან ახალ ფორმატზე საუბარი მხოლოდ ქვეყნის იმიჯზე აისახება ცუდად.

„მოსალოდნელი იყო - კონკრეტული გაფრთხილებების შემდეგ. ახლა არ გამორიცხავენ, რომ ქმედებებზე გადავიდნენ - არ ვდარდობ „ქართული ოცნების“ იმიჯზე, მაგრამ ქვეყანა ზარალდება. ის იმიჯი, რომელიც დაამსხვრია ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის, როგორც ლიდერის რეგიონში, ძალიან მძიმე გამოსასწორებელი იქნება", - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ეთანხმება "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი კანდელაკიც და ამბობს, რომ კუბილიუსი არაა პირველი, ვინც შესაძლო სანქციებზე საუბრობდა. მისივე განცხადებით, ბიძინა ივანშვილმა უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და დააბრუნოს პოლიტიკური პროცესი ნორმალურ კალაპოტში.

„პრინციპი ნაკლები ნაკლებისთვის - ამაზე დევიდ მაკალისტერიც საუბრობს, წამყვანი გერმანელი ფიგურა ევროკავშირში. ბიძინა ივანიშვილი თუკი მოეგება გონს და დაუბრუნდება ნორმალიზაციას პროცესისა, ცხადია საუბარი იქნება წინსვლაზე და ინტეგრაციის შემდგომ ეტაპებზე. სხვა საქმეა, რომ ამ სიტუაციაში საქართველოს მთავრობა არ იყენებს ამ პოლიტიკურ კონიუქტურას", - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე კი არ გამორიცხავს სანქციების არსებობას იმ პირობებში, როცა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ფერხდება. 

„ქვეყანა შორდება დემოკრატიის სტანდარტს და ეს გვაშორებს პარტნიორების ღირებულებებისგან. უნდა ველოდეთ შესაბამის რეაქციას" , -  აცხადებს გედი ფოფხაძე.

„რესპუბლიკურ პარტიაში“ კი აცხადებენ, რომ მმართველ პარტიას არ ესმის, თუ როგორ აზიანებს ქვეყნის იმიჯს მათი ქცევები. როგორც დავით ბერძენიშვილი განმარტავს, ქვეყანა და მმართველი ძალა რომ ერთიანად აღიქმება საერთაშორისო ასპარეზზე, ამას „ქართული ოცნება“ ვერ აცნობიერებს.

„საარჩევნო გარემოში სანამ არ შეწყვეტს რეპრესიებს და არ უზრუნველყოფს სამართლიან გარემოს, იქამდე გაგრძელდება პარტნიორებისგან შენიშვნები. ხელისუფლება და ქვეყანა არ განსხვავდება საერთაშორისო დონეზე და ასე დაზარალდება ქვეყანა. მათ ეს არ ესმით და სწორედ ამიტომაა, თუნდაც, რომ ცდილობენ სააკაშვილს ბრალი აჰკიდონ საომარ მოქმედებებზე და არც ეს ესმით, რომ ეს ისევ ქვეყანას ვნებს", - აცხადებს დავით ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ანდიუს კუბილიუსმა ქართულ არასამთავრობოებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ  შესაძლოა საქართველოსთან ურთიერთობის ფორმატი შეიცვალოს და გახდეს „ნაკლების ნაკლებისთვის".


close დახურვა