logo
ENG



ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა ერთ-ერთი აქტივისტის დაკავება სცადეს

18 თებ 202011:13
3 წუთის საკითხავი
clock 1257

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭიჭინაძის ქუჩაზე მდგომარეობა დაძაბულია. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს რამდენჯერმე მოუწოდეს, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია და გადასულიყვნენ გზის სავალი ნაწილიდან თუმცა, ხალხის დიდი რაოდენობიდან გამომდინარე ტროტიურზე გადასვლა ვერ ხერხდება.

სამართალდამცავები ცდილობდნენ ტერიტორიიდან ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი ტიტე გედენიძე წაეყვანათ. როგორც გედენიძე განმარტავს, პოლიციელები მის დაკავებას ცდილობდნენ.

„დაკავებას ცდილობდნენ. პოლიციამ თვითონ გამოიწვია ხელოვნურად ჩვენ გადაყვანა გზის სავალ ნაწილზე და ამ დროს მოხდა. ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება და ყველას მოეკითხება პასუხი, ვინც უკანონო ქმედება ჩაიდინა. პოლიცია არ უნდა იყოს კრიმინალები და ხულიგნების სამფარველო“, - განაცხადა ტიტე გედენიძემ.

პარლამენტის ყველა შესასვლელთან ამ დრომდე პოლიტიკოსები, სამართალდამცავები და ჟურნალისტები არიან მობილიზებული - ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავენ და შენობის პიკეტირებას ახორციელებენ. ამ ფორმით ისინი გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დანიშვნას აპროტესტებენ. ცოტა ხნის წინ შელაპარაკება მოხდა სამართალდამცველებსა და ჟურნალისტ გიორგი კაპანაძეს შორის.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ის აღნიშნულ თანამდებობას 3 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე იკავებდა. 2018 წლის 31 მაისს კი მან გენერალური პროკურორის თანამდებობა ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმესთან" დაკავშირებული დარღვევების გამო დატოვა. 

ამავდროულად, შოთაძის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობა შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა - გენერალური პროკურორობის კანდიდატის სასარგებლოდ 8 დეპუტატმა მისცა ხმა. შოთაძე თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დაინიშნება თუ მას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ ანუ მინიმუმ 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა დღეს გაიმართება. 


close დახურვა