logo
ENG



ნიკა გვარამია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართავს

29 მარ 202412:06
3 წუთის საკითხავი
clock 454
2024/03/29/nhvbwrkt9or0o8j.jpg

პარტია ახალის ლიდერი ნიკა გვარამია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მისი სარჩელის განსახილველად არ მიღებას აფასებს. გვარამიას თქმით, ის ბრძოლას გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში გააგრძელებს.

"ეს ის შემთხვევა არ არის, როცა გავჩერდები, სტრასბურგის სასამართლოს ჩავთვლი ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციად, ეს ესე არ არის. წავალ უფრო მაღალ მდგომ სასამართლო ინსტანციაში - ეს არის გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი. ეს ის ვითარებაა, როცა სტრასბურგში საქმე არ საჩივრდება. სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ერთი მოსამართლის მიერ, არსებით განხილვაში შესვლის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე რეალურად და სრულფასოვნად არ განხილულა", - განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას დაპატიმრების საქმეზე სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო. საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ნიკა გვარამიას 2022 წლის 16 მაისს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია ნაწილობერივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, პორშეს ეპიზოდში და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე კი სასამართლომ მუხლი გადაკვალიფიცირდა. გაფლანგვის ნაცვლად გვარამია და კახაბერ დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ. დამენიას 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 22 ივნისს ნიკა გვარამია შეიწყალა. 

 


close დახურვა