logo
ENG



Reuters: ირანი რუსეთს მოსალოდნელ ტერაქტზე აფრთხილებდა

01 აპრ 202415:16
3 წუთის საკითხავი
clock 774
2024/04/01/45n27wn2ie6jifx.jpg

გამოცემა Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვში თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, თეირანმა რუსეთს მოსალოდნელ ტერორისტულ ოპერაციაზე საიდუმლო ინფორმაცია მიაწოდა.  

გამოცემის თანახმად, თეირანის მიერ მიწოდებული ინფორმაცია თავდასხმის დროსა და სამიზნეზე ცნობებს არ შეიცავდა. ირანში დაკავებული ერთ-ერთი ტერორისტის დაკითხვის დროს გაირკვა, რომ ჯგუფს მისცეს ინსტრუქცია, მოემზადებინათ მასშტაბური ტერაქტი რუსეთში და ისინი უკვე რუსეთში იმყოფებოდნენ.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ოფიციალური კრემლი, ასევე, თეთრი სახლი, ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. ამასთან, ცნობილია, რომ რუსეთსა და ირანში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების უკან ISIS-K-ის ტაჯიკი მებრძოლები იდგნენ.

3 იანვარს, ირანის ქალაქ ქერმანში, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის ვილაიეთმა ტერორისტული თავდასხმა მოაწყო. 19 იანვარს კი ირანის უსაფრთხოების სამსახურმა ტერაქტთან კავშირში მყოფი 35 პირი დააკავა, მათ შორის ხორასნის ვილაიეთის მეთაური.

შეიარაღებული თავდასხმა მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, Crocus City Hall-ში 22 მარტს, საღამოს მოხდა. შენობაში 6 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან სულ მცირე 144 დაიღუპა, 328 კი დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ავღანურმა ფრთამ აიღო.

29 მარტს, მოსკოვში მომხდარი თავდასხმის საქმეზე ტაჯიკეთში 9 ადამიანი დააკავეს. ისინი ეჭვმიტანილი არიან თავდამსხმელებთან და ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი დაჯგუფება ხორასანთან კავშირში.

Reuters-ის ცნობით, ყველა ეჭვმიტანილი 25 მარტს, ქალაქ ვახდატში დააკავეს და დუშანბეში გადაიყვანეს. თუმცა კონკრეტულად რა ურთიერთობა ჰქონდათ მათ თავდამსხმელებთან, უცნობია. 


close დახურვა