logo
ENG



"ბოლომდე ვიბრძოლებ საქართველოში ადამიანის უფლებებისთვის" - ნაკაიძე ადიგენში მომხდარზე

05 აპრ 202418:18
3 წუთის საკითხავი
clock 288
2024/04/05/a24wdo16pyw7ls8.jpg

ოპოზიციონერი დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე ადიგენში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

დღეს ადიგენში მუსლიმი თემის წარმომადგენლები მეჩეთამდე არ შეუშვეს და მათ პარასკევის ლოცვის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

თავდაპირველად, სოფლის მართლმადიდებელი მოსახლეობა მეჩეთთან იყო შეკრებილი. დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად, პოლიციამ მუსლიმებს სალოცავამდე მისასვლელი გზა გადაუკეტა, რამაც მათ შორის მცირე დაპირისპირებაც გამოიწვია.

"ვარ ამ ხალხის წარმომადგენელი და შესაბამისად, მე ამ ყველაფერს ვესწრებოდი და დავესწრები ყოველთვის, იმიტომ, რომ ამ ხალხის ხმა ვარ მე საქართველოს პარლამენტში და მე ამ ადამიანებს არავის არ დავაჩაგვრინებ.

მიუვარდა ვინმეს მუსლიმები და დაუპირისპირდა, რომ არ გაიაროთ აქო? ვინმე დაუპირისპირდა? მუსლიმეს უპირისპირდებიან და მე მუსლიმების ხმა ვარ პარლამენტში და შესაბამისად, ვაღიარებ და ვამბობ იმას, რომ რასაც ვამბობ და არავისი არ მეშინია. არანაირი პროვოცირება აქ ჩემი მხრიდან არ იყო, ჩემი მხრიდან რომ პროვოცირება იყოს, ვიღაცას უნდა ვესხმოდე თავს, ხო? ბოლომდე ვიბრძოლებ საქართველოში ადამიანის უფლებებისთვის, გინდა დეპუტატი ვიყო და გინდა არ ვიყო. დღეს მე ვარ დეპუტატი და წარმოვადგენ ხმას ამ ადამიანების და მე შესაბამისად, იმ ხმას ხმამაღლა ვიტყვი შესაბამის ადგილებში", - აცხადებს ნაკაიძე.  

მუსლიმ მართლმადიდებელ მრევლსა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები ერთი თვის წინ დაიწყო. ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო, რომ მუსლიმთა თემის წარმომადგენლებს სალოცავად სხვა ადგილი უნდა აერჩიათ, რომელსაც ხელისუფლება გამოყოფდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა.

***

დაპირისპირება ადიგენში მართლმადიდებელ და მუსლიმ მოსახლეობას შორის 8 მარტს დაიწყო, როცა ამ უკანასკნელებს ლოცვა ჩაუშალეს. შემთხვევა იუსუფ მიქელაძის სახლთან მოხდა და ადგილზე პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო.

დაპირისპირების შესახებ საუბრისას, ხულოს მუფთმა, ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ გარკვეული პირები შუღლის გაღვივებას ცდილობენ. კერძოდ, მან ახსენა ადგილობრივ მღვდელი და ასევე დასძინა, რომ მსგავსი შემთხვევები წინა კვირებში მომხდარა.


close დახურვა