logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: არა რუსულ მთავრობას!

07 აპრ 202420:20
3 წუთის საკითხავი
 

ვინ წარმოიდგენდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის 33 წლის თავზე ქვეყანას ეყოლებოდა ხელისუფლება, რომელიც დასავლეთს მავნე გავლენის წყაროდ, დემოკრატიის და თავისუფლების მომხრეებს კი აგენტებად შერაცხავდა, ერთადერთი მაქებარი კრემლში შემორჩებოდა და ფაქტობრივ მმართველად ისეთი კაცი ეყოლებოდა რუსული ჭაობის მიღმა ქართველის არსებობა რომ ვერ წარმოუდგენია.

ეს დღეები სულ მეკითხებიან - რატომ ამოიჩემა რუსული კანონის მიღება ქართულმა ოცნებამ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რაც მანამდე დაემართა, ან რაც მოსალოდნელია საერთაშორისო რეაქციისა, თუ ქართული საზოგადოების პროტესტის საყოველთაობის და სიმწვავის გათვალისწინებით...

ამ კითხვაზე, შიდა პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე პასუხი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ სრულიად არასაკმარისი რისკების იმ მასშტაბის გათვალისწინებით, რომელიც თავხედურად და ურცხვად, ერთხელ უკვე გადაფურთხებულის და ალოკილის, ხელმეორედ გადმოფურთხებას შეიძლება მოჰყვეს. საქმე იმაშია, რომ ეს რუსული კანონი არც საქართველოში მოუგონიათ და მით უმეტეს არც მხოლოდ ქართველებისთვის.. კიდევ უფრო ზუსტად რომ წარმოვიდგინოთ: გლობალური გეოპოლიტიკური დაპირისპირებისა და მსოფლიოს ახალ გადანაწილებაში, თავისუფალ სამყაროსა და ტირანიებს შორის დაპირისპირებაში,, აღნიშნული რუსული კანონი დაახლოებით იგივე დანიშნულების მატარებელია პუტინისთვის, რაც მტაცებელი ცხოველის მიერ მისი სადომინანტო ტერიტორიის მონიშვნის რიტუალი.

და თუ დააკვირდებით იმ სახელმწიფოების სიას, სადაც ამ კანონს ლობირებენ, მიხვდებით, რომ გეოპოლიტიკურ რუკაზე დატანილი ეს ქვეყნები ზუსტად იმ გეოგრაფიულ ტრაექტორიას ქმნიან, რომელზე იმპერიული გავლენის აღდგენასაც ღიად აანონსებს ვლადიმერ პუტინი, მედვედევი, თუ პესკოვი. ამიტომაცაა, რომ ეს უკანასკნელი უჩვეულოდ ოპერატიულად გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ რუსულ კანონს და ჯერჯერობით ერთადერთი უცხო სახელმწიფოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირია, რომელმაც ეს ინიციატივა ქართველ კოლეგებს შეუქო.

ასე რომ ყველას, ვინც შეწუხებული და შეძრწუნებულია ივანიშვილის სივერაგითა და სიმუხთლით და საქართველოსთვის ამ ისტორიულ მომენტუმში წარმოუდგენლად დამაზიანებელი გადაწყვეტილებით, გთხოვთ შიდაპოლიტიკურ, ან ოლიგარქიულ ინტერესებზე ნუ დაწვრილმანდებით.

სურათს ფართო კონტექსტში შეხედეთ და ღალატის მოცულობა სრული მასშტაბით დაგიდგებათ თვალწინ. ეჭვგარეშეა, რომ ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების უკიდურესი დასუსტდება, ან მთლიანად განადგურება და ქვეყნიდან გაძევება წარმოადგენს ბიძინას ერთპიროვნული ოლიგარქატისა და მის ვერტიკალში ჩაბუდებული მძარცველებისთვის ძალაუფლების შენარჩუნების და ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრების შესაძლებლობას. თუმცა, არსებობს ამაზე გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი მოტივაცია, რომელიც პირდაპირ კავშირშია რუსული გავლენის ზონის მონიშვნასა და ავტორიტარული ინტერნაციონალის მართვის წესებთან ჰარმონიზაციასთან.

რა უნდა გააკეთოს ხალხმა და რა ოპოზიციამ?

საზოგადოებამ რა თქმა უნდა უნდა გადადგას იგივე ნაბიჯი, რაც წინა შემთხვევაში, როდესაც მკაფიო, თანმიმდევრული და შეუპოვარი პროტესტით დაუპირისპირდა ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის რუსიფიკაციის მორიგ, უმძიმეს მცდელობას. რაც შეეხება ოპოზიციას - მას აქვს ვალდებულება ყველა ფაქტორი და რესურსი გამოიყენოს საიმისოდ, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლა მის საარჩევნო უპირატესობად იქცეს და არა რუსულ ხაფანგად. ბუნებრივია ოპოზიცია უნდა იდგეს იქ, სადაც იქნება დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართული საზოგადოება. თუმცა, გასული წლისგან განსხვავებით, გასათვალისწინებელია პოლიტიკური კალენდარი და მის შედეგად წინასაარჩევნოდ გაჩენილი საფრთხეები თუ შესაძლებლობები. თუ მასიური პროტესტის, შიდა და გარე წნეხის შედეგად ოცნების ხელისუფლება კვლავ უკან დაიხევს და კანონპროექტს გაიწვევს, ეს გამარჯვება ოპოზიციამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს და არ გაიმეოროს ის შეცდომა, რომელიც გასულ წელს დაუშვა, როდესაც ივანიშვილმა ტაქტიკური უკანდახევით სტრატეგიული უპირატესობა შეინარჩუნა. ხოლო თუ ოცნების გუნდი, დასავლელი პარტნიორების უმკაცრესი მოთხოვნების მიუხედავად, ქართული საზოგადოების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ და ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საზიანოდ ამ კანონს მაინც მიიღებს, ოპოზიციამ ის მაინც უნდა უზრუნველყოს რომ მმართველმა გუნდმა მძიმე პოლიტიკური ფასი გადაიხადოს და ისეთი რეპუტაციული ზიანი მიიღოს, რომ ოქტომბრის არჩევნებში ივანიშვილის გამარჯვების ალბათობა მკვეთრად შემცირდეს.

ამდენად მთავარი მიზანი და ამოცანაა არა მხოლოდ - "არა რუსულ კანონს!", არამედ არა რუსულ ხელისუფლებას! ესაა საქართველოს ევროპული პერსპექტივის გადარჩენის ერთადერთი შანსი! ამ შანსის გამოყენების და მიზნის მიღწევის შესაძლებლობა კი, ოპოზიციამ, ორგანიზებულობითა და მართებული სტრატეგიით, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში უნდა მისცეს საქართველოს მოსახლეობას. მხოლოდ ასე ვიხსნით არა ერთ 9 აპრილს ნაბრძოლ და ნალოლიავებ ქვეყანას, რომელსაც ყვავ-ყორნებივით, ამჯერად მართლაც ბრჭყალების გარეშე - უცხო და მტრული ქვეყნის გავლენის წარმომადგენლები დაჰპატრონებიან.


close დახურვა