logo
ENG



"მადლობა ყველაფრისთვის" - გომელაური აქციაზე პოლიციელების მუშაობით კმაყოფილია

19 აპრ 202412:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/19/53omlht2n48gc69.jpg

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, სადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, პოლიციელების მუშაობით კმაყოფილია.

გომელაური ამბობს, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ადამიანი, ვინც პოლიციელების ღირსებას შელახავს და მათ შეურაცხყოფას მიაყენებს. მან აქციაზე მყოფ მოქალაქეებს პოლიტიკოსების მხრიდან მართულები უწოდა.

"ყველა პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება და ამას თითოეული მათგანი ძალიან კარგად აცნობიერებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს აქვს უფლება მათ სიტყვიერი, ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს, თავს უფლება მისცეს და ესროლოს სხვადასხვა საგნები და სცადონ მათი ღირსების შელახვა. ჩვენმა ბიჭებმა მოითმინეს ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. მინდა კიდევ ერთხელ, მადლობა ვუთხრა მათ ყველაფრისთვის.

მაშინ, როცა 24 საათის განმავლობაში შენი ქვეყნისა და თანამოქალაქეების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგახარ, არ არის მარტივი ანგაჟირებული პოლიტიკოსების მხრიდან მართული მოქალაქეებისგან ისმინო შეურაცხყოფები. თითოეული პოლიციელის უკან დგას მათი ოჯახები, შვილები, მშობლები და დამერწმუნეთ, რომ ძალიან რთულია ამ ყოველივეს მოსმენა. კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს და ვთქვა, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ადამიანი, ვინც პოლიციელების ღირსებას შელახავს და მიაყენებს მათ შეურაცხყოფას. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერმინისტრს, თქვენ ყველას, ვინც მხარს უჭერდა პოლიციელებს იმ მძიმე ღამეს", - განაცახდა ვახტანგ გომელაური პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც მისი ინტერპელაციის წესით მოსმენა მიმდინარეობს.

15 აპრილიდან თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი, მშვიდობიანი აქციები იმართება. აქციების მსვლელობისას პოლიციელების ქმედებების გამო რამდენიმე ადამიანი დაშავდა - თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაშავებულებს შორის არიან პუბლიკასა და ტაბულას ჟურნალისტებიც. 3 დღის განმავლობაში პოლიციამ 40 ადამიანი დააკავა. სხვადასხვა ორგანიზაციისა და აქტივისტების ინფორმაციით, მოქალაქეებზე ფიზიკურად დაკავების შემდეგაც იძალადეს. შსს-ს მტკიცებით, აქციაზე 5 პოლიციელი დაშავდა. 

 


close დახურვა