logo
ENG



POG: შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, დევნა კიდევ 1 ადამიანზე დავიწყეთ

26 აპრ 202411:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/26/u5elllltc7ox3w4.png

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო განყოფილების ყოფილი უფროსის მიმართ დაიწყო.

"გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თანამშრომლები, ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებით და ხელშეწყობით, თითქოსდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ქალაქ ბათუმში, კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, "კუდ"-ის თანამშრომლები როინ შავაძეს ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ. ძალადობის შედეგად როინ შავაძემ სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს და აჭარა-გურიის საზღვართან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოკლეს.

მოგვიანებით როინ შავაძის უკანონო დაკავების ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად, კუდის საგამოძიებო ნაწილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებით და ხელშეწყობით, შედგა ყალბი დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.

ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,147-ე მუხლით (უკანონო დაკავებაში დახმარება) დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- ნათქვამია განცხადებაში.

როინ შავაძის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 12 პირის მიმართ დაიწყო, საიდანაც 10 პირის მიმართ უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი.

სერჟანტი როინ შავაძე, წინა ხელისუფლების გამოძიების ცნობით, ნარკოტიკის შენახვა-შეძენის ფაქტზე დააკავეს. დაკავებულმა თბილისში ეტაპირების დროს გაქცევა სცადა, რა დროსაც ის მოკლეს.


close დახურვა