logo
ENG



"გააკეთეთ სწორი არჩევანი" - ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს დაგეგმილ აქციას უერთდებიან

26 აპრ 202412:47
3 წუთის საკითხავი
 
"გააკეთეთ სწორი არჩევანი" - ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს დაგეგმილ აქციას უერთდებიან
ფორმულა/ლანა მრავლაძე

ოპოზიციური პარტიები ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ აქციას უერთდებიან. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ რუსთაველის გამზირზე გასვლისკენ და პოზიციის მშვიდობიანად დაფიქსირებისკენ.

გარდა ამისა, პარტიები ქართული ოცნების მიერ 29 აპრილს ორგანიზებულ აქციასაც ეხმაურებიან და ამბობენ, რომ საჯარო სამსახურებში დასაქმებულ მოქალაქეებს შეკრებაში მონაწილეობას აიძულებენ და ეს მათი შეურაცხყოფაა.

"ჩვენ, პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ვუერთდებით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ საქართველოს მოქალაქეებს, რათა კიდევ ერთხელ, მშვიდობიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა ვუთხრათ კი ევროპას, არა რუსულ კანონს! ვაფასებთ სამოქალაქო სექტორის პოზიციას ღირსების შემლახავ რეესტრში დარეგისტრირებაზე უარისა და რუსული კანონის გახმობამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შეჩერების შესახებ.

29 აპრილს ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი შეკრება, რომელზეც საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ თბილისში ჩამოიყვანენ, არის ამ ადამიანების შეურაცხყოფა, რუსული ხელისუფლების მიერ მათი გამოყენება ჩვენი საერთო ევროპული მომავლის წინააღმდეგ და ცხადი პროვოკაცია იმ გულწრფელი და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომელთა უწყვეტმა პროტესტმა უკვე ათი დღეა მოიცვა დედაქალაქის ქუჩები.

მივმართავთ საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს. ჩვენ კარგად გვესმის პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც ქართული ოცნება თქვენს წინააღმდეგ იყენებს. თუმცა, ეს ის მომენტია, როდესაც თითოეულმა თქვენგანმა უნდა გააკეთოს ერთადერთი სწორი არჩევანი - არ დაემორჩილოთ რუსული ხელისუფლების მითითებას და ნუ გახდებით ივანიშვილის ფარი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ ბრძოლაში.

29 აპრილს ივანიშვილის მიერ ორგანიზებული შეკრების მიზანია დაყოს და დააპირისპიროს ქართველი ხალხი, შექმნას ყალბი სურათი, თითქოს რუსულ კანონთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს განსხვავებული პოზიციის მქონე ორი ბანაკი. ჩვენ კარგად გვესმის საზოგადოების მთლიანობის მნიშვნელობა და არასოდეს დავუშვებთ კრემლის საოცნებო სცენარს ჩვენი ხალხის დაყოფისა და დაპირისპირების შესახებ.

ერთიანი ძალებით, კოორდინირებულად ვემზადებით წინააღმდეგობისთვის რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის, როცა ყველამ ერთად, მტკიცედ უნდა განვაცხადოთ კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!", - წერია განცხადებაში.

ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები:

ახალი

გირჩი მეტი-თავისუფლება

დროა

ერთიანი ნაწიონალური მოძრაობა

რესპუბლიკური პარტია

სტრატეგია აღმაშენებელი


close დახურვა