logo
ENG



ბუნდესტაგის წევრი: აქციაზე ვიყავი და მივხვდი - ამ დღეებში ევროპის გული თბილისში ცემს

29 აპრ 202411:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/29/qh1iyfac8i21fwr.jpg

"მივხვდი, რომ ამ დღეებში ევროპის გული თბილისში ცემს" - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი თომას ჰაკერი აცხადებს და გუშინ გამართულ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას ეხმაურება, რომელსაც თავადაც დაესწრო.

ის ამბობს, რომ ქართული ოცნება სრულად არის მოწყვეტილი ქართველების სურვილებს და აღნიშნავს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, EU-მა უნდა განიხილოს პერსონალური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც არიან კანონის ინიციატორები და განიხილოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება.

"ქართულ ოცნებაზე ჯერ კიდევ არ მოუხდენია შთაბეჭდილება ე.წ. გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს და არ ჩანს მათი მხრიდან დათმობის არანაირი ნიშანი. პრაქტიკით, ეს კანონი მიზნად ისახავს კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას.

მმართველი პარტია, როგორც ჩანს, სრულად არის მოწყვეტილი საქართველოს მოქალაქეების სურვილებსა და იმედებს. ის ბოიკოტს უცხადებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. პარლამენტმა უნდა შეწყვიტოს კანონის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ევროკავშირმა უნდა განიხილოს პერსონალური სანქციები კანონის არქიტექტორების წინააღმდეგ და სერიოზულად განიხილოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება.

ქართველი ხალხი, რომელიც ყოველდღიურად მამაცურად აპროტესტებს ხელისუფლებას და რუსეთის მიერ ძალით თავს მოხვეულ კანონს, იმსახურებს ჩვენს პატივისცემას და აღფრთოვანებას. გუშინ მოვახერხე, რომ მშვიდობიანი აქციის თანმხლები ვყოფილიყავი და მივხვდი, რომ ამ დღეებში ევროპის გული თბილისში ცემს", - აცხადებს თომას ჰაკერი.


close დახურვა