logo
ENG



GDI: მოვუწოდებთ შსს-ს, არ გამოიყენოს სპეცსაშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ

30 აპრ 202423:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/30/54xjkzip2v85dan.jpg

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ კვლავ გრძელდება არაპროპორციული ზომების გამოყენება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

ორგანიზაცია მოუწოდებს შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და მისცეს მათ შესაძლებლობა, ისარგებლონ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით.

განცხადება სრულად:

"მედიასაშუალებების მიერ საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შსს წარმომადგენლები იყენებენ სპეციალურ საშუალებებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. გავრცელებული ვიდეოებიდან ასევე აშკარაა ქალების მიმართ ძალადობრივი ქმედებები.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული არიან სამოქალაქო აქტივისტები.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და მისცეს მათ შესაძლებლობა, ისარგებლონ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით!

დაკავებულთა ადვოკატებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, რომელ იზოლატორში არიან გადაყვანილნი მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები და შეუფერხებლად შეძლონ მათთან შეხვედრა;

დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებული პირების გადაყვანა სასამართლოში და დაკავების ვადა 48 საათამდე გაუმართლებლად არ გახანგრძლივდეს;

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

უზრუნველყოს სამართალდამცავთა მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების სავარაუდო თვითნებური დაკავებებისა და დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალადობის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება!", - ნათქვამია განცხადებაში. 

პარლამენტის მიმდებარედ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმმა  წიწაკის სპრეი გამოიყენა.

მოქალაქეები ამბობენ, რომ წიწაკის სპრეის გაშვებამდე გამაფრთხილებელი სიგნალი არ ყოფილა.

ადგილზე ვითარება დაძაბულია. მობილიზებულია განსაკუთრებული რაოდენობით რობოკობები და წყლის ჭავლის მანქანები.

"არა რუსულ კანონს! კი ევროპას!" - პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დასრულდა, ის ხვალ გაგრძელდება. 

დეპუტატებმა რუსული კანონის 11 პუნქტიდან დღეს მხოლოდ 3 განიხილეს. 

რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია. 

აქციის ორგანიზატორები არიან ტალღა, მწვანეები, ჯიუტი, კარი და სტუდენტები ევროპული მომასვლისთვის.

გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გააძევა.


close დახურვა