logo
ENG



კოუპმანი: გამჭვირვალობის კანონი ამ ფორმით მიუღებელია, შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან

02 მაი 202418:06
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხში მოლაპარაკებების გენერალურმა დირექტორმა, ხერტ იან კოუპმანმა საქართველოში ვიზიტისას ქვეყანაში არსებულ ვითარებას შემაშფოთებელი უწოდა.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსული კანონი ახლა არსებული ფორმით მიუღებელია და "ქმნის სერიოზულ წინააღმდეგობას ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით."

"ორი დღეა ხელისუფლებას ვესაუბრებით - პრეზიდენტს, პრემიერს და ასევე ოპოზიციას. მინდა გითხრათ, რომ სიტუაცია, რომელიც დამხვდა არის შემაშფოთებელი. არის ძალადობა თბილისის ქუჩებში. ჩვენ ვგმობთ ამ ძალადობას. ჩვენმა პრეზიდენტმა მკაფიოდ თქვა, რომ მოვლენები შემაშფოთებლად ვითარდება კანონმდებლობასთან დაკავშირებით. კანონი გამჭვირვალეობის შესახებ, რომელიც მეორე მოსმენით მიიღეს, არის მიუღებელი იმ ფორმით, როგორიც ახლა არის და ქმნის სერიოზულ წინააღმდეგობას ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით", - თქვა მან.

ჟურნალისტებთან საუბრისას მან ასევე თქვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ცხრა ნაბიჯის შესრულება "შეზღუდულია" და გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოში არსებული დაძაბულობა შედარებით დასტაბილურება.

"მეორე მხრივ, პროგრესი ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით შეზღუდულია და არც ეს არის კარგი. თუმცა დრო ჯერ კიდევ არის. ჩვენ რეკომენდაციებს დავწერ სექტემბერში და გამოვაქვეყნებთ ოქტომბერ-ნოემბერში. ბურთი ახლა ხელისუფლების მოედანზეა - ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა. კომისია აქ არის კანდიდატ ქვეყნებთან სამუშაოდ. ვიცი, ქართველ ხალხს უნდა მეტად დაახლოება ევროკავშირთან და მჯერა, ეს ენდომება ხელისუფლებასაც. იმედი მაქვს, ის ძალიან მძიმე სიტუაცია, რაც დღეს ვნახეთ, მოგვარდება", - განაცხადა კოუპმანმა. 

კოუპმანი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაერთიანების გზაზე რუსული კანონი პრობლემას წარმოადგენს. იგი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ კანონპროექტის არსთან დაკავშირებით დებატები უნდა გაიმართოს - მისი ევროპულ ღირებულებებთან შეუთავსებლობის გამო.

კოუპმანის თქმით, ევროკავშირს მართლაც აქვს კანონი გამჭვირვალობასა და დემოკრატიასთან დაკავშირებით, მაგრამ იგი სრულიად განსხვავდება რუსული კანონისგან, რადგანაც "არ არის განკუთვნილი საზოგადოების კონკრეტული აქტორების განსაზღვრად და მიზანში ამოსაღებად."

"ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული ნაბიჯის წინ გადადგმა. მე ნათლად ვთქვი, რომ ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა. როგორც მესმის, ის მეორე მოსმენით მიიღეს, კიდევ უნდა იყოს მესამე მოსმენა და ასევე პრეზიდენტის ვეტო, რომელიც შეიძლება ამას მოჰყვეს. ვფიქრობ, დრო, რომელიც ჯერ კიდევ გვაქვს, უნდა იყოს გამოყენებული, რომ გაიმართოს დებატები კანონის არსთან დაკავშირებით. ის აშკარად მიუღებელია იმ ფორმით რომელიც ახლა არის და შეუთავსებელია ევროპულ ფასეულობებთან. ამდენი ხალხის ქუჩაში დანახვა არის საზოგადოებაში დაძაბულობის ნიშანი. ძალადობა ყოველთვის ცუდია, ამიტომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ ამასთან დაკავშირებით. ევროკავშირს აქვს კანონი გამჭვირვალობასა და დემოკრატიულობასთან დაკავშირებით. ის არ არის განკუთვნილი საზოგადოების კონკრეტული აქტორების განსაზღვრად და მიზანში ამოსაღებად. ის ნამდვილად არ განსაზღვრავს მათ, როგორც უცხოეთის ინტერესების გამტარებს, თუკი ისინი უცხოურ დაფინანსებას იღებენ", - თქვა მან. 


close დახურვა