logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ბიძინას რუსულ კულტსა და ევროპას შორის

08 მაი 202421:00
3 წუთის საკითხავი
 

ღრუბელი და გაურკვევლობა საბოლოოდ გაფანტულია… ივანიშვილმა პირდაპირ რუსთაველის გამზირიდან მოგვახსენა, თუ როგორ გეგმავს საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციას, ჯერ არასამთავრობო სექტორისა და კრიტიკული მედიის, შემდეგ კი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის და ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანის დათრგუნვასა და დასჯას, მათთვის საარსებო არეალის შეზღუდვას და ქვეყანაში თავისუფალი სივრცის განადგურებას.

ამ ყველაფრის მოსმენისა და აღქმის შემდეგ, შეუძლებელია, ნორმალური ადამიანი არ დაიზაფროს იმით, თუ რა მასშტაბის პარანოიალური აზროვნების მმართველთან გაქვს საქმე, რომელსაც შეუზღუდავი და სრულიად დაუბალანსებელი ძალაუფლება აქვს და ანგარიშს აღარავის უწევს. მეტიც, 29 აპრილს, რუსთაველის გამზირზე ივანიშვილის პიროვნების კულტის დაბადების მომსწრენიც გავხდით, ოცნების აქტივის მიერ, აბსოლუტურად გააზრებულად, მისი სახელის სკანდირებით, თუ გამომსვლელთა უმეტესობის მხრიდან კერპისადმი ქედის მოხრისა თუ მადლობების კასკადით.

ივანიშვილი იმითაც არ კმაყოფილდება, რომ ხელისუფლების ყველა შტოსა და ინსტიტუტს ერთპიროვნულად აკონტროლებს. მას წინა პლანზე გამოჰყავს პარტია და ქმნის ერთგვარ რეპრესიულ მექანიზმს ბოლშევიკების, თუ ნაციონალ-სოციალისტების სტილში. სხვა რა შეიძლება ვუწოდოთ ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ე.წ. რეესტრის შესახებ, სადაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს შეიყვანენ და რითაც ამავე პარტიის აგრესიულ აქტივისტებს მათზე ძალადობას გაუმარტივებენ.

ყველაზე მძიმე და ამაზრზენი მაინც იმის გააზრებაა, რომ აგერ უკვე 12 წელია, საკმაოდ განათლებული და თავისუფლებისმოყვარე ქართულ საზოგადოების უმრავლესობას მართავს ადამიანი, რომლის მენტალობაც ასავალ-დასავლის მიერ პოპულარიზებული, მანამდე კი კაგებეს კაბინეტებში შემუშავებული ანტიდასავლური მითებისა და ლეგენდების გადმოთამაშებულ ვერსიებზე იდგა და ამას ისე ახერხებდა, რომ დღემდე მის ძალაუფლებას სერიოზული დაბრკოლებები არც კი შეჰქმნია.

ივანიშვილის "გულახდილობამ" საზოგადოებაში მწვავე და მასშტაბური რეაქცია გამოიწვია. მასიური სახალხო წინააღმდეგობის მაგალითებს ვხედავთ ყველგან, ქუჩაშიც, სოცქსელებშიც და ტელევიზიებშიც, საპროტესტო აქციების მონაწილეების მზარდი ენერგიულობითა და ენთუზიაზმით.  

აშკარაა, რომ ივანიშვილმა საბოლოოდ დაკარგა დედაქალაქი, რაც, ყოველთვის გარდამტეხი ფაქტორი იყო ქვეყანაში ძალაუფლების მიღებისა და შენარჩუნებისთვის. ოცნებამ უზარმაზარი ფინანსური, ლოჯისტიკური თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მხოლოდ ერთჯერადად შეძლო მიტინგზე, სტატისტებად, დაახლოებით იმდენივე ადამიანის მოყვანა, რამდენიც სპონტანურად, ყოველგვარი ორგანიზაციული რესურსის გარეშე, არაერთხელ გამოვიდა რუსული კანონის გასაპროტესტებლად თბილისი ცენტრში.  

ნათელია, რომ დღეს პრობლემა აღარც ხალხის პასიურობაშია და არც იმაში, რომ საზოგადოება საფრთხის მასშტაბს ვერ აცნობიერებს. მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რამდენად ადეკვატურად რეაგირებს მომხდარზე ქართული პოლიტიკური კლასი და რამდენად მოახერხებს ოპოზიცია ამ პროცესის პოლიტიკურ შედეგში გადათარგმნას, იმ ფაქტორების ეფექტურად გამოყენებით, რაც ივანიშვილის განაცხადმა გააჩინა:

1. დასავლეთი, რომელსაც ხავსიც კი აღარ დარჩა ხელჩასაჭიდად, იმისთვის რომ ივანიშვილისა და ქართული ოცნებისგან რაიმე დადებითი მოლოდინები ჰქონდეს. პირიქით, ვაშინგტონსაც და ბრიუსელსაც მოუწევს მკაფიოდ პოზიციონირება, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს, რადგან, ოლიგარქმა ამერიკას, ევროკავშირსა და ნატოს და გლობალური ომის პარტიას შორის ტოლობის ნიშანი დასვა და ოფიციალურად მტრად გამოაცხადა. ივანიშვილმა საქართველოსა და უკრაინაში ომების პროვოცირებაში რუსეთის ნაცვლად დასავლეთი დაადანაშაულა, რითაც მთლიანად ჩაჯდა პუტინისტურ ნარატივში და საკუთარი თავი კრემლის მოკავშირე ავტოკრატ ლიდერთა ჯგუფში შეიყვანა.

2. საზოგადოების რეაქცია, მიუხედავად ივანიშვილის მოლოდინისა რომ არჩევნებამდე მათ დაღლის და ენერგიისგან დაცლის, აჩვენებს, რომ ხალხის გაბრაზების და საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულობის ხარისხი სულ უფრო იზრდება. როდის მიაღწევს ის პიკს, არჩევნებამდე, მის დროს თუ არჩევნების შემდეგ, ეს დიდწილად ხელისუფლების ქცევაზე იქნება დამოკიდებული და ამის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია. თუმცა, ეს აუცილებლად მოხდება და ივანიშვილისთვის სასარგებლოდ ვერცერთ შემთხვევაში ვერ დამთავრდება.

და ბოლოს, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ენერგიას და მოძრაობას ისეთი მიმართულება, ფორმა და მასშტაბი მიეცეს, ხელისუფლებამ უბრალოდ გაიაზროს, რომ ძალადობრივი წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ აქვს. რისთვისაც საჭიროა პროცესის პოლიტიკურად სწორად ორგანიზება. ამ მხრივ აღსანიშნავია ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების გზავნილები ევროპული იდეის ქვეშ პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების გაერთიანების შესახებ. რაზეც კონსულტაციები აქტიურ ფაზაში დროულად უნდა გადავიდეს. ჩვენ ვერ ვიტყვით ვინ ვისთან უნდა გაერთიანდეს, მაგრამ ძალისხმევის კონსოლიდაციას რომ ალტერნატივა არ აქვს ეს ცხადზე უცხადესია.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ივანიშვილის ძალაუფლება დასასრულს უახლოვდება. თუმცა, აქამდე რომ ქვეყნისთვის ნაკლები ზიანით მივიდეთ, საჭიროა ორი მთავარი ფაქტორის გააზრება: პირველი, საზოგადოების მუხტის ბოლომდე შენარჩუნება, რასაც თავად რუსი ოლიგარქი უწყობს ხელს და არჩევანის სიცხადე, რომელიც დღეს უკვე არა ბიძინასა და მიშას, არამედ ივანიშვილის კულტსა და ევროპას შორისაა. პოლიტიკური კლასის სწორი და დროული რეაგირება გადამწყვეტი იქნება, საერთო ძალისხმევა კი მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეს იმისთვის, რომ ივანიშვილი და მისი მარიონეტები ქვეყნის მართვის საჭეს დროულად და საქართველოსთვის რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით ჩამოვაცილოთ.


close დახურვა