logo
ENG



ომბუდსმენი სამართალდამცავ ორგანოებს მუქარის ზარებთან დაკავშირებით გამოძიებისკენ მოუწოდებს

09 მაი 202401:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/09/5wn9kyasw00j0di.jpg

სახალხო დამცველი რუსული კანონის მოწინააღმეგე მოქალაქეების მიმართ მუქარის შემცველ ზარებს ეხმაურება და სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიებისკენ მოუწოდებს.

იოსელიანი მიუთითებს, რომ დაუშვებელია ისეთი ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს და გამოიწვევს თვითცენზურას საკუთარი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით.

"გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პოზიტიური ზოგადი ინფორმაცია და იდეები, როგორც უწყინარი ან/და ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომელიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია სახელმწიფოს ან საზოგადოების რომელიმე ჯგუფისთვის. ამასთან, პოლიტიკური შინაარსის გზავნილები განსაკუთრებული დაცულობით სარგებლობს და აღნიშნული დემოკრატიული პროცესების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი თუ რომელიმე ჯგუფისთვის მიუღებელია მოქალაქეების მიერ გამოხატული კრიტიკული მოსაზრებები და სამოქალაქო პოზიციების დაფიქსირება, ეს გამოხატვის თავისუფლებით დაცული სიკეთეა და აუცილებელი წინაპირობაა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის. ამდენად, დაუშვებელია ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს და გამოიწვევს თვითცენზურას საკუთარი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით, ხოლო იმათ, ვინც ამისგან თავს არ შეიკავებენ, ჰქონდეთ მოლოდინი, რომ მათ გამოხატვას შესაძლოა სხვადასხვა ფორმით ანგარიშსწორება მოჰყვეს", - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ დაუშვებელია მსგავსი პრაქტიკის გამოყენება და ხელშეწყობა. აღნიშნავს, რომ ეს დამაზიანებელია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებისა და ადამიანის უფლებების რეალიზაციისთვის.

"მსგავს ფაქტებს შესაძლოა დამაშინებელი ეფექტი ჰქონდეს სხვა მოქალაქეებზეც საკუთარი მოსაზრებების შეუფერხებლად გამოხატვის თვალსაზრისით".

იოსელიანი წერს, რომ მნიშვნელოვანია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დროულად შეაფასოს მომხდარი.

"საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დაიწყონ გამოძიება მოქალაქეებისა და სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლების მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე, გაატარონ ყველა ეფექტიანი ღონისძიება მუქარის ავტორების დადგენისა და მათ მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. ასევე მიმართავს მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობით, ან სხვა ტიპის მუქარების მიღების შემთხვევაში, მიმართონ საგამოძიებო უწყებებს", - ამბობს იოსელიანი.

***

რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს უცხო ნომრიდან ურეკავენ, რუსულ კანონზე აზრს ეკითხებიან, შემდეგ კი აგინებენ და ემუქრებიან. დღეს რამდენიმე მოქალაქემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამჯერად სიცოცხლის მოსპობის მუქარითაც ურეკავენ. ზარები ხორციელდება მათ ოჯახის წევრებთანაც, მათ შორის არასრულწლოვან შვილებთან.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება.

პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებით, ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლიან.


close დახურვა