logo
ENG



პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის 6 მონაწილე დააკავეს

09 მაი 202410:05
3 წუთის საკითხავი
 
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის 6 მონაწილე დააკავეს
ზაქარია მურმანიშვილი/ფორმულა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის 6 მონაწილე დააკავეს. მათ პოლიციაზე თავდასხმასა და ნივთის დაზიანებას ედავებიან. ეს მოქალაქეები 8-9 მაისს დააკავეს.

"აქციის მონაწილეები, სხვადასხვა დროს, ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთებისა და კონსტრუქციების ასევე, გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ახორციელებდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და თავდასხმებს ადგილზე მყოფ პოლიციელებზე. 

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგანს, მათ შორის, ბოთლებს, ქვებს, მხუთავ და ცრემლსადენ ნივთიერებას და რკინის ნაჭრებს ისროდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზოში, სადაც იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ასევე, განთავსებული იყო სამინისტროს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები", - ამბობს თამაზაშვილი. 

შსს-ს მტკიცებით, აქციაზე დაზიანება მიიღო უწყების 7-მა თანამშრომელმა. 

"გამოძიებით დგინდება, რომ 16 აპრილს, აქციის მიმდინარეობისას, ერთ-ერთმა დაკავებულმა, სამართალდამცველთა მიმართულებით ისროლა ბლაგვი საგანი, რის შედეგად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, თვალის არეში დაზიანება მიიღო. ერთ-ერთმა დაკავებულმა პირმა, მიმდინარე წლის 16 აპრილს, დააზიანა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტომობილი. 1-2 მაისს, მიმდინარე აქციის დროს, დაკავებულთაგან ორმა პირმა დააზიანა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის ვიდეო სამეთვალყურეო კამერები.

1 მაისს, ერთ-ერთმა დაკავებულმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის დროს, დააზიანა პარლამენტის ჭიშკარი, ასევე, ისროლა ქვა პარლამენტის ეზოში მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, რის შედეგად დაზიანება მიიღო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველმა. ასევე, 1 მაისს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა პირმა დააზიანა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობაზე დამონტაჟებული გარე სამეთვალყურეო კამერა", - თქვა თამაზაშვილმა შსს-ში გამართულ ბრიფინგზე. 

 

 

 

 


close დახურვა