logo
ENG



ომბუდსმენი: აბაშიძე ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და შეურაცხყოფაზე მიუთითებს

10 მაი 202413:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/10/almmy3cfl63uhn3.jpg

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენის რწმუნებულებმა გასული ღამის განმავლობაში 8 პირი მოინახულეს, მათ შორის, ბლოგერი უჩა აბაშიძე, რომელიც ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე მიეწოდა.

"ამასთან, დაკავებულმა, სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებისას აღნიშნა, რომ მისი სახლის ჩხრეკის პერიოდში იგი სისტემატურად ითხოვდა ადვოკატების შეშვებას, თუმცა უშედეგოდ. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ დაკავებულს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად მოხდეს მისი დაცვის უფლების რეალიზება.

სახალხო დამცველი შეისწავლის ადვოკატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტის ეპიზოდსაც. არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდა ასევე დაკავებულთა ნაწილიც, რომელთა შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ ჩააყენა საქმის კურსში სპეციალური საგამოძიებო სამსახური. სახალხო დამცველის აპარატი კვლავ აგრძელებს დაკავებულთა მოძიებასა და მათთან გასაუბრებას, მათი ფიზიკური მდგომარეობისა და დაკავების პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში", - წერია განცხადებაში.

***

უჩა აბაშიძე გუშინ დააკავეს. მის სახლში პოლიცია შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა. თითქმის სამი საათის განმავლობაში მას არ აძლევდნენ ზარის განხორციელების უფლებას, მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. საბოლოოდ, ადვოკატი აბაშიძესთან სახლიდან გამოყვანამდე რამდენიმე წუთით ადრე შეუშვეს

ადვოკატის, გიორგი მახარაძის თქმით, უჩა აბაშიძეს იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. 

ბლოგერის ძმა, გიორგი აბაშიძე ამბობს, რომ უჩა სახლში რეგისტრირებულ იარაღს ინახავდა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც აბაშიძის სახლშია გადაღებული და მასში "დიდი რაიდენობით იარაღი ჩანს" - სინამდვილეში შსს-მ Airsoft-ის სათამაშო თოფებიც აჩვენა.

 


close დახურვა