logo
ENG



ხაზარაძე: გვაქვს ინფორმაცია - იციან, რომ აგებენ თბილისს და იწყებენ კარუსელის დატრიალებას

30 ოქტ 202119:03
3 წუთის საკითხავი
clock 1318

ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ქართული ოცნება თბილისს აგებს და კარუსელის დატრიალებას გეგმავს. ფორმულას ეთერიდან მან მოუწოდა ყველას, რომ ყურადღებით იყვნენ და მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბების საშუალება არ მისცენ. 

"გვაქვს ინფორმაცია, იციან რა აგებენ თბილისს, ახლა იწყებენ კარუსელის დატრიალებას და თავიდან ხმამიცემული ადამიანების უბნებზე მიყვანას, ფხიზლად და მაქსიმალურად ყურადღებით ვიყოთ. მოვუწოდებ ყველას, მსგავსი ფაქტი სასწრაფოდ გამოვავლინოთ და არ დავუშვათ არჩევნების გაყალბება", - თქვა ხაზარაძემ. 

გარდა თბილისისა, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ქართული ოცნება ძალიან ბევრ ქალაქს აგებს. 

"ქართული ოცნება აგებს თბილისს ჩვენი ინფორმაციით და ასევე აგებს ძალიან ბევრ ქალაქს საქართველოში. ეს უტყუარი ფაქტია", - თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

დღეს ირაკლი კობახიძემაც თქვა, რომ ენმ-ს კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში 50%-იან ზღვართან ახლოს არიან. 

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება.

არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეეტში ტარდება, სადაც მერებს აირჩევენ. გარდა ამისა, 24 საარჩევნო ოლქში მოსახლეობამ 42 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს.

მეორე ტურში ერთმანეთს ძირითადად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებიან. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ოპონენტზე მეტ ხმას მოიპოვებს.

თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა კანდიდატების ნაწილმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა, რის გამოც მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა. კერძოდ, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარი წევრებისთვის 40%-იანი ბარიერის გადალახვა იყო საჭირო.

ცესკოს მონაცემებით, 17:00 საათისთვის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 39,5% შეადგინა. პირველ ტურში აქტივობა იყო 41,35%


close დახურვა