logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 19.02.2020

19 თებ 202010:28
3 წუთის საკითხავი
clock 754
7nxcpa1oj66bza4.jpg

ვანო მერაბიშვილი საპატიმროს ტოვებს

6 წელი და 9 თვე პატიმრობაში - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან ხვალ, 20 თებერვალს, გათავისუფლდება. დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში მერაბიშვილი ან რომელ პარტიას შეუერთდება ის, ჯერ-ჯერობით უცნობია.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მერაბიშვილი ერთ-ერთი სამიზნე იყო და არ გამორიცხავენ იმ ფაქტსაც, რომ მმართველი გუნდი კვლავ შეეცდება საპატიმროში მის დააბრუნებას. ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის თქმით, დაკავების დღიდან ხელისუფლება ყოფილი მაღალჩინოსნის გატეხვას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდა. ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს ორი მუხლით დააკავეს და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან არამიზნობრივად დახარჯულ თანხას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

 

„ხოშტარია წადი!“ – ოცნების მხარდამჭერთა აქცია

„ქართული ოცნების“ აქტივისტებმა „ევროპული საქართველოს" ოფისთან აქცია გამართეს. ამით მათ პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება გააპროტესტეს. ბარნოვის ქუჩაზე შეკრებილი ახალგაზრდები პერფორმანსში მონაწილე დეპუტატების მიერ მანდატების დატოვებას და ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ. ადგილზე ინციდენტიც მოხდა - ადგილობრივმა მაცხოვრებელმა აქტივისტების მიერ ღამის საათებში გამოწვეული ხმაური გააპროტესტა. მოქალაქე და აქტივისტი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ქუჩის მაცხოვრებელმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილემ თავად უთხრა, რომ ქართული ოცნების ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენდა. დაპირისპირება მაცხოვრებელსა და „ოცნების" აქტივს შორის ხმაურიან კამათსა და ქუჩურ გარჩევაში გადაიზარდა.

"ოცნების" აქტივისტების გარდა ელენე ხოშტარიას თავს პარტიის ლიდერებიც ესხმიან. ირაკლი კობახიძე "ევროპული საქართველოს" წევრს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს და მისი დიპლომის წარმომავლობით ინტერესდება. ელენე ხოშტარია ამბობს, რომ იმ ფონზე როდესაც „ქართული ოცნება" მას გავრილოვის ჩამოყვანას აბრალებდა, ახლა მმართველი გუნდისგან არაფერი უკვირს. ხოშტარიას განცხადებით, დიპლომის წარმომავლობა ადამიანის პოლიტიკურ კურსს არ განსაზღვრავს. ამ განცხადების შემდეგ, პარლამენტის გადამდგარმა თავმჯდომარემ, ოპოზიციონერ ლიდერს სასოწარკვეთილი „ნაციონალი" დიასახლისიც უწოდა.


კალაძის შეთავაზება და ოპოზიციის პასუხი

„ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახი კალაძის შეთავაზებას, რომელიც ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებისთვის ცალკცალკე შეხვედრას გულისხმობს, ოპოზიციის წევრები ეხმიანებიან. მმართველი გუნდის ოპონენტები „ქართულ ოცნებასთან" ერთი- ერთზე შეხვედრას არ აპირებენ. მათ შორის შეხვედრას გამორიცხავენ დამოუკიდებელი დეპუტატებიც. გაერთიანებული ოპოზიციის წევრების თქმით მმართველი გუნდი ამ ხრიკებით ოპოზიციური სპექტრის ერთიანობას ვერ დაშლის. მაშინ როცა პოლიტიკური ლიდერი მეხუთე რაუნდის მოლაპარაკებების წინ დააკავეს, ოპოზიციონერი ლიდერები მიიჩნევენ რომ მმართველ გუნდთან შეხვედრას აზრი არ აქვს.


ოპოზიციის გეგმა

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები მაჟორიტარულ ოლქებზე მოსალაპარაკებლად შეკრებას გეგმავენ. ოპოზიციონერი ლიდერები მმართველ გუნდთან საერთო მაგიდასთან საარჩევნო სისტემის განხილვას აღარ აპირებენ, „ქართული ოცნების" ოპონენტები აქციებსა და პიკეტირებას აანონსებენ ყველგან, სადაც მმართველი გუნდის წევრები იქნებიან. საპროტესტო აქციები 4 აპრილს დაანონსებულ მასშტაბურ აქციამდეც პერმანენტულად გაიმართება თბილისსა და რეგიონებში.

 

რუსული ინტერესები საქართველოში

როგორ ძლიერდება საქართველოში რუსული ინტერესები და რა შეფასებები მოჰყვა ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან საქართველოში ლავროვის უწყების ჩინოვნიკის ვიზიტს - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი სერგეი პშენიჩნი იმ ორგანიზაციებს ხვდება, რომლებიც პრორუსული განწყობითა და ანტიდასავლური საქმიანობით გამოირჩევიან. ოპოზიცია ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ახსენებს, როდესაც გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაუთმეს. პარალელურად, რამდენიმე დღის წინ ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გამოქვეყნა ანგარიში, სადაც ნათლად არის აღწერილი, თუ რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო და როგორ აქტიურდება ქვეყანაში რუსული რბილი ძალა.


სამოქალაქო სექტორი ევროპარლამენტარებთან

„კუბილიუსი ამბობს, რომ მე პირადად ვარ შეურაცხყოფილი იმით, რომ გადაგდება მოხდა", - ეს განცხადება შოთა დიღმელაშვილმა ფორმულას ეთერში გააკეთა. სოფო ზურაბიანთან საუბრისას „სირცხვილიას" აქტივისტმა განმარტა, ევროპაში ნაკლების ნაკლებისთვის ფორმატზე საუბრობენ, რაც ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის უკუსვლას ნიშნავს. დიღმელაშვილის თქმით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ლიეტუველი ევროპარლამენტარი სანქციებზეც საუბრობდა.

 

ნიკა მელიას პროცესი

დღეს, თბილისის საქალაქო სასამრთლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესია დანიშნული. საქმე 20 ივნისს, აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ეხება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე მტკიცებულებებს წარადგენს, დაიკითხებიან ის პოლიციელები, რომლებიც „გავრილოვის სისხლიან ღამეს" პარლამენტის წინ იმყოფებოდნენ. ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის თქმით, პროცესის პარალელურად ყოველდღიურ რეჟიმში ელოდებიან საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებას, რადგანაც ეს გადაწყვეტილება არსებითად იმოქმედებს 20 ივნისის საქმის განაჩენზე.


ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი

რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესიც გაიმართება. სხდომაზე მხარეები მოსამართლეს მოწმეთა სიას წარუდგენენ. ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დაახლოებით ორასამდე მოწმის დაკითხვა იგეგმება. ტრაგიკომედირი ჟანრის სასამართლო პროცესი - ასე შეაფასა თავდაცვის ყოფილი მინისტრის თანაპარტიელმა გურამ ჩალაგაშვილმა ოქრუაშვილის პროცესი. მისი თქმით, ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარია.

 

საკვები პროდუქტების დეფიციტი ოკუპირებულ ცხინვალში

ოკუპირებულ ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია. დახლებიდან თითქმის გამქრალია ბავშვთა კვებისა და რძის პროდუქტები. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთიდან ტვირთებს არ ატარებენ. დე ფაქტო ცხინვალის ეგრედ წოდებული ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. სააგენტო „რესი" წერს, რომ კრიზისზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, თუმცა პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში საფრთხე რეალური გახდება. საკვები პროდუქტების დეფიციტის მიუხედავად, სასურსათო მაღაზიებში დარჩენილ პროდუქტებზე ფასები ჯერჯერობით უცვლელია.

 

განახლება: საშიში ვირუსი - კორონა

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ ორი ათასს გადააჭარბა. ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა კი 75 ათასს მიაღწია. ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ვირუსის ახალმა შემთხვევებმა იკლო. ეპიდემიის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში. ჩინეთის ფარგლებს გარეთ კი ვირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ რვაასს გადააჭარბა, დაღუპულია 5 ადამიანი. თოთხმეტ-დღიანი კარანტინის შემდეგ კი იაპონიაში საკრუიზო გემზე დაყოვნებულ მგზავრებს ხომალდის დატოვების ნებართვა მისცეს. რამდენიმე ქვეყანამ საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია უკვე განახორციელა.


აშშ-მა ჩინურ მედიას მოთხოვნები დაუწესა

ამერიკის ადმინისტრაციამ შეერთებულ შტატებში მომუშავე ჩინეთის ხუთ დიდ მედია ორგანიზაციას სპეციალური მოთხოვნები დაუწესა. სააგენტო სინხუას, ჩინეთის სატელევიზიო გლობალურ ქსელს, საერთაშორისო რადიოს, ჩინეთის ყოველდღიურ გამავრცელებელ კორპორაციას და ჰაი ტიანს ევალებათ უცხოურ მისიებად დარეგისტრირდნენ და სახელმწიფო დეპარტამენტს მიაწოდონ თანამშრომლების სია და ინფორმაცია ამერიკის ტერიტორიაზე მათ საკუთრებაში არსებული ან ნაქირავები ქონების შესახებ. ვაშინგტონში განმარტავენ, რომ ეს საინფორმაციო სამსახურები ჩინეთის მთავრობასა და კომუნისტური პარტიაზე მუშაობენ და დამოუკიდებელი მედია სამსახურები არ არიან.

ჩინურ მედია უწყებებს ევალებათ შეასრულონ ის მოთხოვნები, რომლებსაც "უცხოური მისიების შესახებ აქტი" ითვალისწინებს. ამიერიდან ქონების ყიდვაზე, დაქირავებაზე ან თანამშრომლების ცვლილებაზე მათ ამერიკის მთავრობის თანხმობა დასჭირდებათ. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა დღეს ჟურნალისტებს განუმარტეს, რომ ამ მოთხოვნების შესრულების შემდეგ ჩინურ სააგენტოებს ამერიკაში ჩევულებრივად შეუძლიათ ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელება. ანალოგიური მოთხოვნები ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის საინფორმაციო სამსახურებს, მათ შორის იტარ ტასს და გაზეთ პრავდას ჰქონდათ დაწესებული. თუმცა დღეს უცხოურ მისიების სიაში კრემლის მიერ დაფინანსებული რუსული მედია - რაშა თუდეი და სპუტნიკი შეყვანილი არ არის.


პუტინმა ვლადისლავ სურკოვი გაათავისუფლა

ვლადიმერ პუტინმა თანამდებობიდან მისი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი გაათავისუფლა. საიდუმლო სტრატეგისტი რუხი კარდინალის სახელით, კულისებს მიღმა პრეზიდენტზე მისი გავლენებით იყო ცნობილი. მას როგორც პუტინის დამხმარე ძალად განიხილავდნენ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ძალაუფლების ჩაგდებაში დაეხმარა. სურკოვი უკრაინის მიმართ პოლიტიკას აკონტროლებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ის ამ პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლეს. ანალიტიკოსები ამის მიზეზად უკრაინასთან დაკავშირებით კურსის ცვლილებას ასახელებენ. უკრაინის საკითხებში სურკოვი დმიტრი კოზაკმა შეცვალა.


ეუთოს განცხადება

აღმოსავლეთ უკრაინაში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ეუთო განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ეუთოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი შეშფოთებას გამოთქვამენ კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენების გამო და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვისკენ, ასევე მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ბოლო პერიოდში გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები არ უნდა დაიკარგოს.

„უკანასკნელი ინციდენტი აღმოფხვრილი არ არის. მინსკის შეთანხმების საფუძველზე დაკისრებული ვალდებულებებისა და ორი თვის წინ პარიზში შეთანხმებული ცეცხლის სრული შეწყვეტის ვალდებულების მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ყოველდღიურად ირღვევა. ეს კი საზარელ გავლენას ახდენს ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობაზე. უმნიშვნელოვანესია, დაინტერესებულმა მხარეებმა უზრუნველყონ, რომ ცეცხლის სრულად შეწყვეტა რეალობა გახდეს", - ვკითხულობთ განცხადებაში. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა მიმდინარე წელს საომარი მოქმედებების დროს 13 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 60-მდე კი დაიჭრა.


close დახურვა