logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 22.01.2020

22 იან 202010:01
3 წუთის საკითხავი
clock 1619
vymnq0f7o6ua0vi.jpg

კონგრესმენების წერილი პრემიერს

გიორგი გახარიამ 4 ამერიკელი კონგრესმენისგან მორიგი კრიტიკული წერილი მიიღო.

ერილის ერთ-ერთი ავტორი, ადამ კინზინგერი ტვიტერზე წერს, რომ კონგრესმენები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს სვლას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე.

ჯერჯერობით, ოფიციალური კომენტარები ხელისუფლების წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ. 


საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომა

საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდეგ საპროკურორო საბჭო პირველ სხდომას გამართავს. სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილი 17 პირის ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის კრიტერიუმებთან შესაბამისობას და საბჭოსთვის, წარდგენილი დოკუმენტების სისრულეს შეამოწმებენ.

საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატად 16 იანვარს ირაკლი შოთაძე დარეგისტრირდა. ის ამ თანამდებობიდან ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემდეგ გადადგა. საპროკურორო საბჭოს ყოფილი გენპროკურორი კანდიდატად საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.

შოთაძის კანდიდატურას „ქართული ოცნების“ წევრები ერთხმად უჭერენ მხარს. მათი ნაწილი ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან წასვლის მომხრე იყო.

მთავარი პროკურორის კანდიდატურას საპროკურორო საბჭო დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. პროკურორს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

 

თბილისის მთავრობის სხდომა

ფორმულასთვის მოწოდებული დოკუმენტი ადასტურებს, რომ ვაკეში 12 000 ლარიანი სკამების დამონტაჟების ტენდერი, მერიამ დავების განხილვის საბჭოს კრიტიკული დასკვნის საფუძველზე შეწყვიტა. საბჭოს ოქმიდან ირკვევა, რომ ტენდერის კეთილსინდისიერება კითხვის ნიშნის ქვეშ კომპანია „ჯ და აუდიტ სერვის" ჯგუფმა დააყენა. კომპანიის დირექტორი დარწმუნებულია, რომ კახი კალაძემ სატენდერო პირობები იტალიურ კომპანიას სპეციალურად მოარგო. ის მერს კორუფციაში ადანაშაულებს და მილიონიანი ნაძვის ხის შესყიდვის სკანდალს იხსენებს.

სავარაუდოდო თბილისის მერი მორიგ სკანდალს მოერიდა, სატენდერო კომისია ტენდერის ვადის გასვლამდე ერთ დღით ადრე, 20 იანვარს შეიკრიბა და ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ამის მთავარი მიზეზი დამალა და შეწყვეტის მიზეზად ხის სკამებზე ვანდალიზმის საფრთხე დაასახელა. 

12 000 ლარიან სკამებზე ტენდერი თბილისის მერიამ 20 დეკემბერს გამოაცხადა. სკამების შესყიდვა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილშიცაა განსაზთვრული. მერიაში ირწმუნებიან, რომ სატენდერო პირობების ჩასწორების შემდეგ თავიდან გამოაცხადებენ.

 

ოკუპირებული აფხაზეთის განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები

დღეიდან ოკუპირებული აფხაზეთის განმეორებით ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება 

განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს არის ჩანიშნული. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც ადგილობრივი ოპოზიციის მიერ 9 იანვარს დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოჰყვა.

 

განცხადებები და ბრიფინგები:

  • საქართველოში „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი კონგრესმენ მარკუეინ მალინის წერილზე განცხადებას გააკეთებს.

  • მთავარი პროკურორობის კანდიდატი, გრიგოლ გაგნიძე განცხადებას გაავრცელებს და საპროკურორო საბჭოს მისი კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით მიმართავს.

  • მთავარი პროკურორის არჩევასა და სისტემაში არსებულ გამოწვევებზე უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი განცხადებას გააკეთებს.

  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობის შესახებ განცხადებას გაავრცელებს

 

სასამართლო თემები:

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულების, მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

    წინა პროცესზე, 14 იანვარს, ბრალდების მხარის 2 მოწმე დაიკითხა, მესამე კი არ გამოცხადდა, რის გამოც სხდომა 22 იანვარს გადაიდო.

    მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, უკვე ბევრი პროცესი გადაიდო და რეალურად არ არის მოწმე, რომელიც მორის მაჩალიკაშვილის ბრალეულობას დაამტკიცებს. მისივე თქმით, მორის მაჩალიკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეა.

    20 ივნისის საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს - ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მასზე თავდასხმა.

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილისა და მათთან ერთად დაკავებული 2 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრების სასამართლო პროცესი გაიმართება.

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში, 31 დეკემბერს კარვების აღების დროს დაკავებული " გამარჯვებული საქართველოს" წევრის ზურაბ ნადირაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრუწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე ბრალდებბული 10 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში შმაქსისტების ჯარიმების გასაჩივრების პროცესი გაიმართება.

  • უზენაეს სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების, გბ-ს და გჯ-ს სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

WHO ახალი კოროვანირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საგანგებო სხდომას გამართავს

მსოფლიოს ათეულობით ქვეყანას ამოუცნობი ვირუსი აშფოთებს, რომელთან დაკავშირებითაც დღეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჟენევაში საგანგებო შეხვედრას გამართავს. შევედრაზე განხილვის თემა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში არსებული განსაკუთრებული მდგომარეობის საერთაშორისო დონეზე გამოცხადების საჭიროება იქნება. ამასთან, კომიტეტმა ვირუსთან ბრძოლის რეკომენდაციები უნდა შეიმუშავოს.

ოფიციალური ინფორმაციით, ჯამში უცნობი ვირუსით დაინფიცირებულთა მაჩვენებელი ამ დროისთვის 200-ს აჭარბებს, თუმცა ლონდონის იმპერიული კოლეჯის მეცნიერები ამბობენ, რომ რეალურად დააინფიცირებულთა რიცხვი 1700-ს აღწევს. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით ვრცელდება. ჩინეთის გარდა, ამოუცნობი ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა აშშ-ში, ავსტრალიაში, იაპონიაში, ტაილანდსა და სამხრეთ კორეაში.


ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები დასრულდა

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ზამთრის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები დასრულდა. წლევანდელ თამაშებზე შესაბამის ასპარეზობათა ისტორიაში ქართველმა სპორტსმენებმა პირველად შეძლეს ოქროს და ბრინჯაოს მედლების მოპოვება. ფიგურულ სრიალში გუნდურ ასპარეზობაში ოქროს მედალი ალინა ბუტაევამ და ლუკა ბერულავამ მოიპოვეს. ბრინჯაოს მედალიც ქართველი მოციგურავეების ანგარიშზეა - წყვილებს შორის ასპარეზობაში.


 

ჟან პოლ გოტიე კარიერაში ბოლო ჩვენებას გამართავს

ჟან პოლ გოტიეს თქმით, მისი 50-წლიანი საქმიანობისადმი მიძღვნილი შოუ მის კარიერაში ბოლო იქნება. ფრანგმა დიზაინერმა კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება 17 იანვარს ტვიტერის საშუალებით გაავრცელა. მისი თქმით, ის მოდის სფეროდან არ მიდის და უკვე აქვს გარკვეული კონცეფცია, რომლითაც მუშაობას გააგრძელებს.
ჟან პოლ გოტიე საკუთარი მოდის სახლის და კომპანია Jean Paul Gauthier S.A-ის პრეზიდენტი 2010 წელს გახდა. მანამდე, იგი დიდი ხნის განმავლობაში Hermes-ის კრეატიულ დირექტორად მუშაობდა.



close დახურვა