logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 25.02.2020

25 თებ 202009:50
3 წუთის საკითხავი
clock 2085
58cjtzte7qi9fof.jpg

25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის ასეულ-ათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

ევროპული საქართველოს ლიდერებმა და პარტიის წევრებმა კოჯორში იუნკერების მემორიალს პატივი მიაგეს. -ამ წუთებში კი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში დამფუძნებელი კრების საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დახვრეტილი და რეპრესირებული წევრების ხსოვნას მიაგებენ პატივს. აქვე მოხდება იუნკერ შალვა ერისთავის ეროვნულ გმირად გამოცხადების ინიაციატივის პრეზენტაცია. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს დამფუძნებელი კრების დახვრეტილ და რეპრესირებულ წევრთა ფოტოები.

 

ბიჭმა დედა და ბებია ნაჯახით მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, 2001 წელს დაბადებულმა პირმა დედა და ბებია ნაჯახით მოკლა. მას 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობა ემუქრება. შსს-ს ცნობით, ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს და დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

კალანდიას საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება

რა გადაწყვეტილებას გამოუტანს მოსამართლე მიხეილ კალანდიას? - დღეს საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე პროცესი გაიმართება, რომელზეც საბოლოო განაჩენი გამოცხადდება. კალანდიას ადვოკატი გამამართლებელ განაჩენს ელოდება და იმედი აქვს, რომ მოსამართლე იმ წნეხს გაუძლებს, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ხორციელდება. დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს.

 

20 ივნისის საქმეზე დაკავებულთა პროცესი

საქალაქო სასამართლოში დღეს 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებზე იმსჯელებენ. საუბარია ირაკლი ოქრუაშვილზე, ზურაბ ბუდაღაშვილზე, ბესიკ თამლიანისა და კიდევ ორ ბრალდებულზე. სასამართლო სხდომების პარალელურად „სირცხვილიას" აქტივისტები საქალაქო სასამართლოს ეზოში „გავრილოვის პატიმრების" მხარდამჭერ აქციას მართავენ.

 

თამარ მეარაყიშვილის პროცესი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში

დღეს ცხინვალის ე.წ. რაიონული სასამართლო მეოთხედ განიხილავს ახალგორელი საქმოქალაქო აქტივისტისა და ჟურნალისტის, თამარ მეარაყიშვილის საქმეს. წინა სამ საქმეზე ის გაამართლეს, თუმცა ე.წ. პროკურატურა არ ეთანხმება ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას და კვლავ ასაჩივრებს.

„ბიბილოვი პროკურატურის სახით მამყოფებს ტყვეობაში უკვე მესამე წელია და მსჯის აქტიურობის გამო. იმისთვის რომ არ ვარ მის მიმართ ლოიალური და ვსაუბრობ ადგილობრივების პრობლემებზე. ამის პარალელურად- არცერთხელ ჩემი საკითხი ჟენევაში არ გაჟღერებულა, სხვაგან სად არის მსგავსი საკითხების დაყენების ადგილი? მე არ ვიცი. რა უნდა დამემართოს, რომ ვინმე შეშფოთდეს? მოვკვდე? მხოლოდ ფეისბუქ და სამოქალაქო საზოგადოების მცირე ნაწილის მხარდაჭერით ვარსებობ და ვიბრძვი. დავიღალე, თუმცა არც არარსებული ბრალის აღიარებას ვაპირებ და არც დანებებას, მაგრამ ასე გაგრძელება არ შეიძლება. მინდა ხვალ მედიის ერთ-ერთი თემა იყოს ჩემი სასამართლო,“ - აცხადებს თამარ მეარაყიშვილი.

 

ირანში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ირანში იმყოფებიან სახელმწიფოს მხრიდინ დახმარებას ითხოვენ. კავკასიის უნივერსიტეტის დეკანი ფორმულასთან საუბრისას ყვება, რომ უკვე რამდენიმე დღეა, ფრენების შეზღუდვის გამო, უნივერსიტეტიდან ირანში ჩასული დელეგაცია სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. სოსო ბერეკაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე საქართველოს საელჩო ირანში ინფორმირებულია და ქართველი ტურისტები რეაგირებას უახლოეს დღეებში ელოდებიან. ამასთან, ბერეკაშვილი ფორმულასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ თეირანში კორონავირუსთან დაკავშირებით არანაირი პანიკა არ შეინიშნება. ამ დროისთვის ჩინეთის შემდეგ ყველაზე მაღალი რისკის ქვეყანა ირანია. მესამე დღეა, რაც საქართველომ ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.

 

ინფექციურში გადაყვანილი ჩინეთის მოქალაქეები

ჩინეთის მოქალაქეებს, რომლებიც თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ, ინფექციურ საავადმყოფოში მოუწიათ მისვლა. წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსი მათ არ დაუდგინდათ. ტურისტებს ტემპერატურა, ხველა და სუნთქვის პრობლემა არ დაუფუქსირდათ. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ მოქალაქეები ინფიცირებულები არ არიან. თუმცა, მიუხედავად ამისა, საბოლოო კვლევის შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. ჩინეთის მოქალაქეები ინფექციურ საავადმყოფოში მას შემდეგ მოათავსეს, რაც მათმა გამოჩენამ თბილისი-ბათუმის მატარებლის მგზავრებში პანიკა გამოიწვია. მათ ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს და ჩინეთის მოქალაქეები კლინიკაში გადაიყვანეს.

 

მილანიდან ჩამოსული ახალგაზრდას მდგომარეობა

ქუთაისის აეროპორტში მილანის რეისით ჩამოსულ ერთ მგზავრს ტემპერატურა დაუფიქსირდა. 20 წლის გოგონა ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდას აეროპორტში ტემპერატურა აღენიშნებოდა, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ კი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. თემურ ნადირაძის თქმით, თუ რა ტიპის ვირუსი აქვს ახალგაზრდა გოგონას, დადგენილი არ არის. ჯანდაცვის ცენტრთან შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში კვლევისთვის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. ექიმი ამბობს, რომ პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და დაკვირვების ქვეშ იმყოფება. სამედიცინო პერსონალი სპეციალური ეკიპირებითაა აღჭურვილი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება კორონავირუსზე

კორონავირუსს პანდემიის პოტენციალი აქვს, მაგრამ პანდემია ჯერ არ არის. ეს განცხადება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ჟურნალისტებთან შეხვედრისას გებრეი-ესუსმა საშიში ვირუსის გავრცელების ირგვლივ შექმნილი ვითარება შეაფასა. მისი თქმით, ქვეყნები პოტენციური პანდემიისთვის მზად უნდა იყვნენ.

ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა სამხრეთ კორეაში, სადაც 60 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შექმნილი ვითარების გამო ვაშინგტონი და სეული ერთობლივი სამხედრო წვრთნების მასშტაბების შემცირებას განიხილავენ. კოვიდ-19-ს სულ მცირე 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა იტალიაში. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ერაყში. არანაკლებ რთული ვითარებაა ირანშიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ანგარიშს დღეს გამოაქვეყნებს, სადაც კორონავირუსის გავრცელების, დაავადების სიმწვავისა და მიღებული ზომების ეფექტიანობის საკითხების შესახებ იქნება საუბარი. ბოლო მონაცემებით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ინფიცირების 2 ათასზე მეტი და დაღუპვის სულ მცირე 20 შემთხვევა ფიქსირდება.

 

"მთვრალი ალუბლის" მეპატრონე პროკურატურაში

გვიან ღამემდე გაგრძელდა "მთვრალი ალუბლის" მეპატრონის გამოკითხვა მცხეთის პროკურატურაში. მირანდა ესაკიასთან კითხვები გამომძიებელს მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ჰქონდა. ამის შემდეგ ესაკიას დაზარალებულის სტატუსიც მიანიჭეს. როგორც „მთვრალი ალუბლის" მესაკუთრე აცხადებს, მცხეთის პროკურატურაში მას აცნობეს, რომ მასზე მოძალადე პირი დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. მირანდა ესაკიასთან ერთად პროკურატურაში მისი ქმარიც გამოიკითხა. საქმე მისი ცემის ფაქტს ეხება, რომელიც ერთი თვის წინ ასევე გუდაურში მოხდა. მას შემდეგ, რაც მიქაელ ვუნდერელმა მცხეთის პროკურატურა დატოვა, მედიასთან მომხდარი გაიხსენა.

 

დაპირისპირება და ხმაური ანას ბაღში

დაპირისპირება და ხმაური ანას ბაღში გრძელდება. მას შემდეგ, რაც მოსახლეობის მიერ გაშენებული სკვერი სამშენებლო კომპანიის განკარგულებით მუშებმა დაშალეს, ადგილობრივი მცხოვრებლები და აქტივისტები ბაღში ისევ შეიკრიბნენ.

აქციას ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ. აქციის დროს მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მსვლელობისას დააკავეს ერთი აქტივისტი, მას წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

აქციის ბოლოს, შეკრებილმა მოქალაქეებმა ტერიტორიაზე ნარგავები დარგეს და სკვერი აღადგინეს. მოსახლეობის განმარტებით პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ მერია მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და არ დაადასტურებენ, რომ შემოღობილი სკვერის ტერიტორია ნამდვილად კომპანიას ეკუთვნის.

 

ჩაიკეტება თუ არა პერევის გამშვები პუნქტი

უახლოეს დღეებში საოკუპაციო ძალებმა შესაძლოა სოფელ პერევთან არსებული ერთადერთი გამშვები პუნქტიც ჩაკეტონ. ინფორმაციას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ავრცელებს. როგორც ცნობილია, რუსმა სამხედროებმა პერევის გზის სავარაუდო ჩაკეტვის შესახებ ახალგორის რამდენიმე ადგილობრივი გააფრთხილეს. როგორც ორგანიზაციის დირექტორი, უჩა ნანუაშვილი აცხადებს, პერევის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთადერთი იმედია, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, ახალგორიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა შეძლონ. აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი ფაქტს არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების არგაღიზიანების პოლიტიკა შესაცვლელია.

 

„გავრილოვის პატიმრები"

საქალაქო სასამართლოში დღეს 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებზე იმსჯელებენ. საუბარია ირაკლი ოქრუაშვილზე, ზურაბ ბუდაღაშვილზე, ბესიკ თამლიანისა და კიდევ ორი ბრალდებულზე. როგორც ბრალდებულების ადვოკატი ვახო იაშვილი ვარაუდობს, დღეს მოსამრთლე „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის მოწმეების დააკითხვას დაასრულებს. ოქრუაშვილი სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდება. ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვაა დაგეგმილი თამლიანი-ბუდაღაშვილის პროცესზეც. სასამართლო სხდომების პარალელურად „სირცხვილიას" აქტივისტები საქალაქო სასამართლოს ეზოში „გავრილოვის პატიმრების" მხარდამჭერ აქციას გამართავენ.

 

რურუას პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" მეწილის სასამართლო პროცესიც გაიმართება. სხდომაზე დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს. გიორგი რურუას ადვოკატის დიტო საძაგლიშვილის თქმით, რურუა სისტემის მსხვერპლია და ამას საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს. სამოქალაქო აქტივისტები საქალაქო სასამართლოს ეზოში გიორგი რურუას მხარდასაჭერადაც შეიკრიბებიან და აქციას გაიმართავენ. რურუა 18 ნოემბერის შემდეგ ეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით არის დაკავებული.

 

ამერიკელი სენატორების განცხადება

ამერიკელი სენატორები ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. ჩაკ შუმერმა, ბობ მენენდეზმა და შეროდ ბრაუნმა ამ მოთხოვნით სახელმწიფო მდივანს წერილი გაუგზავნეს. მიზეზი შეერთებული შტატების წლევანდელ არჩევნებში ჩარევის მცდელობაა. მათი განმარტებით, სხვა შემთხვევაში ეს იმ პასუხისმგებლობაზე უარის თქმა იქნება, რომელიც შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასა და საარჩევნო პროცესის ერთიანობას ემუქრება. ანონიმური წყაროს ცნობით, რუსეთი დეზინფორმაციასა და პროპაგანდაში ჩართული იყო, რითაც „დემოკრატების" საპრეზიდენტო კანდიდატის, ბერნი სანდერსისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დახმარებას ცდილობდა. არჩევნებში ჩარევის მცდელობას კრემლში კატეგორიულად უარყოფენ.

 

საპროტესტო აქცია დელიში

დელიში დემოსნტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ერთი სამართალდამცველი და ერთი აქციის მონაწილე. არიან დაშავებულებიც. რადიკალურად განწყობილმა დემონსტრანტებმა ავტომობილები დაწვეს, ცეცხლი წაუკიდეს შენობა-ნაგებობებსაც, რის გამოც პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ინდოეთში საპროტესტო აქციები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ადგილობრივების გაღიზიანება მოქალაქეობის კანონის ახალ რედაქციას მოჰყვა, რომელიც სამხრეთ აზიის ქვეყნებისთვის ინდოეთის მოქალაქეობის გამარტივებულ მინიჭებას ითვალისწინებს. ოპონენტები კანონს მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციულად მიიჩნევენ.

 

101 წლის კეტრინ ჯონსონი გარდაიცვალა

ადამიან კომპიუტერად წოდებული კეტრინ ჯონსონი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნასას ლეგენდარული მათემატიკოსი კოსმოსში ამერიკის შეერთებული შტატების პირველი გაფრენისა და მთვარეზე პირველი მისიის გათვლების უკან იდგა. მასზე ჰოლივუდში ფილმი „უხილავი ფიგურები" გადაიღეს. ჯონსონი 1918 წელს, დასავლეთ ვირჯინიის პატარა ქალაქში დაიბადა.

 

ჯასტინ ბიბერის რეკორდი

ჯასტინ ბიბერი ამერიკული და ბრიტანული მუსიკალური ჩარტების ლიდერია. „ჩეინჯის" ასე ჰქვია ახალ ალბომს, რომლითაც მან ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და ელვის პრესლის რეკორდიც მოხსნა. ყველაზე ახალგაზრდა სოლო არტისტი ბიბერი 25 წლის ასაკში გახდა, მაშინ როდესაც ელვის პრესლიმ ეს ტიტული 26 წლისამ მიიღო. „ჩეინჯის" ჯასტინ ბიბერის მეშვიდე, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კი პირველი მუსიკალური ალბომია. პოპ შემსრულებლის ახალი ნამუშევრის გაყიდვებმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.


close დახურვა