logo
ENG



თალაკვაძე: შოთაძეს აქვს ჩვენი გუნდის მხარდაჭერა

18 თებ 202010:56
3 წუთის საკითხავი
clock 1362

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გენერალური პროკურორობის კანდიდატზე ირაკლი შოთაძეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას მმართველი გუნდის მხარდაჭერა აქვს.

„დღეს პარლამენტის წინაშე მოხსენება მაქვს და ამ პროცესებსაც შევეხები და იქ ნახავთ ამომწურავ შეფასებებს მიმდინარე პროცესსებთან დაკავშირებით. ჩვენ და ჩვენი პარტნიორები დიალოგს ვუჭერთ მხარს. ამ მომენტში ამერიკის საელჩო, ევროკავშირის საელჩო და ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგს და ოპოზიციის ეს დესტრუქციული ნაწილი, რომელიც აცხადებს, რომ დიალოგში არ მიიღებს მონაწილეობას, არის განსხვავებულ პოზიციაში. მე იმედი მაქვს, დაუბრუნდებიან დიალოგის მაგიდას და შეთანხმებას მივაღწევთ. დაელოდეთ კენჭისყრის შედეგებს, მას აქვს ჩვენი გუნდის მხარდაჭერა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ის აღნიშნულ თანამდებობას 3 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე იკავებდა. 2018 წლის 31 მაისს კი მან გენერალური პროკურორის თანამდებობა ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმესთან" დაკავშირებული დარღვევების გამო დატოვა. 

ამავდროულად, შოთაძის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობა შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა - გენერალური პროკურორობის კანდიდატის სასარგებლოდ 8 დეპუტატმა მისცა ხმა. შოთაძე თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დაინიშნება თუ მას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ ანუ მინიმუმ 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა დღეს გაიმართება. 

ამ წუთებში კი პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიტიკოსები, სამართალდამცავები და ჟურნალისტები არიან მობილიზებული - ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავენ და შენობის პიკეტირებას ახორციელებენ. ამ ფორმით ისინი გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დანიშვნას აპროტესტებენ. ცოტა ხნის წინ შელაპარაკება მოხდა სამართალდამცველებსა და ჟურნალისტ გიორგი კაპანაძეს შორის.

 


close დახურვა