logo
ENG



იმნაძე ბასიანზე: რა შეიძლება ამას დავარქვათ, არის გამოთქმა – ღრეობაა შავი ჭირის დროსო

25 დეკ 202100:44
3 წუთის საკითხავი
 
იმნაძე ბასიანზე: რა შეიძლება ამას დავარქვათ, არის გამოთქმა – ღრეობაა შავი ჭირის დროსო

პაატა იმნაძე ამბობს, რომ კლუბისა და სარესტორნო ან გარე სივრცის შედარება არ შეიძლება. მისი თქმით, ევროპაში კლუბები ყველგან დახურულია და საქართველო "მთვარეზე ხომ არ არის?". იმნაძის თქმით, შრომის ინსპექციას კლუბებისთვის არ უთქვამს, რომ ისინი გახსნას შეძლებდნენ, ის ამბობს, რომ მიმდინარეობდა მუშაობა და შემდგომ ომიკრონი გამოჩნდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კლუბ ბასიანის დაჯარიმებას ეხმაურება.

"რა კომენტარი შეიძლება ახლა გავაკეთო? რა შეიძლება ამას დავარქვათ? არის გამოთქმა ხო? ღრეობაა, შავი ჭირის დროსო... შედარება ახლა ძალიან ძნელია, ჩემი თაობის ხალხი ახლა კლუბებში არ დადის, მაგრამ ვყოფილვარ ხოლმე ერთი–ორჯერ, საქართველოში არა სამწუხაროდ, მაგრამ შედარება ამისი ვთქვათ რესტორანთან... იქ მაგიდებია, დისტანციით ადამიანები... სხვადასხვა... ანუ ერთი კლასტერი ცალკე ზის, მეორე ცალკე და კლუბის სიტუაცია, ახლა საქართველო მთვარეზე ხო არ არის არა? ევროპაში ყველგან დახურულია, მე მართლა არ მესმის. მე მესმის კი, რომ ძალიან მძიმეა იგივე კლუბების მეპატრონეებისათვის, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფინანსური ზარალია, რამდენადაც ვიცი შარშან მაგათ მერიამ აუნაზღაურა, რაღაც კომპენსაციაც იყო.

არავითარი შეთანხმება არ ყოფილა, მიმდინარეობდა მუშაობა, შრომის ინსპექცია მუშაობდა, რომ რა პირობები უნდა ყოფილიყო, რომ დაეწყო ვთქვათ მუშაობა, მიმდინარეობდა მუშაობა, მაგრამ არავის არ უთქვია, რომ თქვენ გაიხსნებით. მიმდინარეობდა მუშაობა, მაგრამ გამოჩდა ომიკრონი, სულ ორი კვირაა რაც გამოჩნდა, კარგით მართლა, რა ღონისძიებები, მართლა ცოტა ხო უნდა იყოს ადამიანი... ადეკვატურები ხომ უნდა იყვნენ, მე მესმის მათი ბიზნეს ინტერესები, ძალიან კარგად მესმის, მე ვიცი, რომ დაიჩაგრა ეს სექტორი, მაგრამ კლუბის შედარება შეიძლება გარე სივრცეში რომ რაღაც ტარდება ღონისძიება? ხალხი რომ გარეთ არის და დახურულ სივრცეში. ეგენი მართლა კლუბში არ ყოფილან თუ რა, მინიმუმ 2000 კაცი რომ დახურულ სივრცეში ერთად ცეკვავს, კარგით რა" – ამბობს პაატა იმნაძე რუსთავი ორის ეთერში.

კლუბი ბასიანი შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა, ბასიანის ერთერთმა დამფუძნებელმა ტატო გეთიამ ფორმულას უთხრა, რომ კლუბმა ჯარიმის ქვითარი და კლუბის დალუქვის დოკუმენტი არ ჩაიბარა.

ასევე, შრომის ინსპექციამ BASSIANI-ს მისცა "გონივრული ვადა", იმისათვის, რომ კლუბის წარმომადგენლებმა ტერიტორიიდან აპარატურა და ტექნიკა გაიტანონ. სავარაუდოდ ამის შემდეგ ინსპექცია ობიექტს დალუქავს. 

მანამდე, ბასიანთან შეკრებილმა მხარდამჭერებმა, ასევე კლუბის თანამშრომლებმა ტერიტორიაზე მისულ შრომის ინსპექციას ობიექტის დალუქვის საშუალება არ მისცეს. ადგილზე ხმაურიც იყო. ინსპექტორები ბასიანთან რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.  

ამ დროისთვის, შრომის ინსპექციამ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. თავად კლუბის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღეს დაგეგმილ ღონისძიებას ჩაატარებენ. 

BASSIANI-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა მანამდე განაცხადა, რომ შრომის ინსპექცია BASSIANI-ს ლუქავს. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვა კლუბების დალუქვის შესახებ. 

საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ მიზეზი ომიკრონის შტამის გავრცელებაა.

17 დეკემბერს შრომის ინსპექციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ღამის კლუბები მუშაობას 17 დეკემბერს განაახლებდნენ.

გუშინ, 23 დეკემბერს თბილისის სცენის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ წვეულებების გაუქმების მიზნით, შესაბამისმა უწყებებმა მეიჯარეებისგან მოითხოვეს, რომ თავად არ დაუშვან კლუბების გახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ სადამსჯელო ღონისძიებებს".

კლუბები აცხადებენ რომ ეს არის ცალსახად შანტაჟისა და მუქარის, დაშინებისა და რეპრესიის გზა, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია.

22 დეკემბერს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის წარმომადგენელმა, დავით ლეჟავამ ფორმულას ეთერში თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლების განცხადება წაიკითხა და თქვა, რომ კლუბები მუშაობას იმ პროტოკოლის მიხედვით გააგრძელებენ, რომელიც მათ შესაბამის უწყებებთან შეიმუშავეს. 

"მიუხედავად დაშინებისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება, თბილისის კლუბები გააგრძელებენ მუშაობას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან, რომლის შესაქმნელად ბევრი ვიშრომეთ და ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ სფეროს დამატებით უზარმაზარი ფინანსური ხარჯის გაწევა მოგვიწია", - აღნიშნულია განცხადებაში.

რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ფინანსური პრობლემები აქვთ და გახსნა აუცილებელია. 


close დახურვა