logo
ENG



კაპანაძე: შოთაძის დაბრუნებით ივანიშვილი ამბობს, რომ არ აინტერესებს თუ ვინ რას ფიქრობს

18 თებ 202010:35
3 წუთის საკითხავი
clock 414

პარლამენტის წინ აქცია-პიკეტირება მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დანიშვნის პროცესს აპროტესტებს. როგორც „ფორმულასთან“ საუბარში სერგი კაპანაძემ განაცხადა, სწორედ შოთაძეა ის პირი, ვინც პროკურატურა დაუქვემდებარა ივანიშვილს.

„ეს არის საზოგადოებისთვის ივანიშვილის გზავნილი, რომ მას არ აინტერესებს თუ რას ამბობს ხალხი. თავის დროზე შოთაძე გადადგა ხალხის ზეწოლის შედეგად, როცა ხორავას საქმე გააყალბა. მას უკავშირდება სისტემის პირდაპირ დაქვემდებარება ივანიშვილზე. შოთაძის დაბრუნებით ივანიშვილი ამბობს, რომ არ აინტერესებს თუ ვინ რას ფიქრობს. შესაბამისად, აქ ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ ეს პროტესტი ვაჩვენოთ და სირცხვილის კორიდორი მოვუწყოთ იმ დეპუტატებს, ვინც დავალებით მიდიან, რათა მხარი დაუჭირონ შოთაძეს“, - განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ის აღნიშნულ თანამდებობას 3 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე იკავებდა. 2018 წლის 31 მაისს კი მან გენერალური პროკურორის თანამდებობა ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმესთან" დაკავშირებული დარღვევების გამო დატოვა. 

ამავდროულად, შოთაძის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობა შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა - გენერალური პროკურორობის კანდიდატის სასარგებლოდ 8 დეპუტატმა მისცა ხმა. შოთაძე თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დაინიშნება თუ მას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ ანუ მინიმუმ 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა დღეს გაიმართება. 

სწორედ შოთაძის არჩევას გააპროტესტებენ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი პარლამენტის პიკეტირებასა და პერფორმანსების გამართვას აპირებენ.  


close დახურვა