logo
ENG



კონსერვატორიის აკადემიური საბჭო რექტორის არჩევნებზე წულუკიანის ბრძანების გაუქმებას ითხოვს

27 სექ 202316:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/27/mh22a2j4r02u73d.jpg

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭო რექტორის არჩევნებზე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების გაუქმებას ითხოვს. აკადემიური საბჭო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კონსერვატორიამ უნდა განაგრძოს მოქმედი წესდების სრული დაცვით წარმოებული რექტორის არჩევნების პროცესი.

აკადემიური საბჭო კულტურის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რექტორის არჩევნები გამოცხადდა და მიმდინარეობდა კანონმდებლობასთან სრული შესაბამოსიობითა და მისი დაცვით.

"მიგვაჩნია, რომ კონსერვატორიამ უნდა განაგრძოს კანონმდებლობის და კულტურის სამინისტროს მიერ 2014 წლის 7 ივლისის No05/90 ბრძანებით დამტკიცებული და დღეს მოქმედი კონსერვატორიის წესდების სრული დაცვით წარმოებული რექტორის არჩევნების პროცესი და აქედან გამომდინარე, გთხოვთ გააუქმოთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 25/09/2023 No 00033770 ბრძანება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის (No16 სხდომაზე) დადგენილების გაუქმების შესახებ ( „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“)", - ნათქვამია განცხადებაში. 

აკადემიური საბჭოს შემადგენლობა 7 წევრით არის განსაზღვრული. ამ განცხადებას მხარი საბჭოს 6-მა წევრმა დაუჭირა. ესენი არიან: ნანა შარიქაძე - აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე მარინა ქავთარაძე გვანცა ღვინჯილია გიორგი (გოგა) შავერზაშვილი მერი ჟვანია ზეინაბ (ლალი) ბაქრაძე.

26 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები პროცედურები შეწყდა. მინისტრის ბრძანებით გაუქმდა არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 28 ივლისის დადგენილება.

20 სექტემბერს მინისტრის საათზე კულტურის მინისტრი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში "რეფორმით" დაიმუქრა. როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას თქვა, ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი "ხარვეზია" და არ დამალა, რომ ცვლილებებს გეგმავს.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას რექტორი ნანა შარიქაძეა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2019 წელს 4 წლის ვადით აირჩიეს. შარიქაძე ერთ-ერთია, ვინც რამდენიმე თვის წინ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა.


close დახურვა