logo
ENG



კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო, გამოცემა არილი იხურება

08 მაი 202412:01
3 წუთის საკითხავი
 

გამოცემა არილი, კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო, იხურება.

როგორც გამოცემის განცხადებაში წერია, ეს გადაწყვეტილება კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა - გამომდინარე იქიდან, რომ არილი არ ემორჩილებოდა მის ცენზურას და მხარს უჭირს რუსული კანონის საწინააღმდეგო მოძრობას.

"როგორც მოსალოდნელი იყო, კულტურის სამინისტრომ და პირადად თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა "არილისთვის" დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა. და თანაც ეს გააკეთა, როგორც მას სჩვევია, ცინიზმით - „არილის“ საიუბილეო, 30-ე წელს. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია. "არილი" და მისი რედაქტორები არ ემორჩილებიან სამინისტროს ცენზურას, ყოველთვის გამოხატავდნენ კრიტიკულ პოზიციას და ამ თვალსაზრისით არასდროს უფიქრიათ რაიმე კომპრომისზე. „არილმა“ მხარი დაუჭირა რუსული კანონის წინააღმდეგ მოძრაობას, სოლიდარობა გამოუცხადა თავისუფალ გამომცემლობებს, რომლებიც არაადეკვატური პოლიტიკოსების თავდასხმის სამიზნეები გახდნენ და, რაც მთავარია, ერთგულად აგრძელებდა საკუთარი ღირებულებებისა და პრინციპების დაცვას", - წერია განცხადებაში.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ დაფინანსების შეწყვეტა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან პირდაპირ კავშირშია და "ლოგიკური გაგრძელებაა ხელისუფლების მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდის."

"არილისთვის" დაფინანსების შეწყვეტა, ცხადია, კავშირშია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და ლოგიკური გაგრძელებაა ხელისუფლების მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდის. არილი იყო და არის ლიტერატურასა და, ზოგადად, ხელოვნებაში დასავლური ღირებულებების, თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი რეპრეზენტატორი და ხმა. წლების მანძილზე "არილში" გამოქვეყნებული ტექსტები იყო მნიშვნელოვანი წყარო, კავშირების დამყარების შესაძლებლობა საგანმანათლებლო სივრცისთვის, სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის თანამედროვე დასავლურ სამყაროსთან. იგი იყო მთავარი მხარდამჭერი 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მასპინძლობისა. ჟურნალმა რამდენიმე სპეციალური ნომერიც მიუძღვნა ამ მოვლენას 2018 წლის განმავლობაში. ამიტომ, ცხადია, "არილი" ვერ და არ ჩაჯდებოდა იმ კულტურულ და პოლიტიკურ კონიუნქტურაში, რომელიც ბოლო წლებში შექმნა თეა წულუკიანმა. "არილის" არსებობას ხომ მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს რამე საზრისი, თუ ის თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება", - აღნიშნულია არილის განცხადებაში. 


close დახურვა