logo
ENG



მუმლაძე: Shooting Stars-ზე კინოცენტრმა სხვა მსახიობი წარადგინა, ვეჭვობ, ჩემი აქტივიზმის გამო

20 დეკ 202300:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/20/5baeq0fu2gw5he1.jpg
levan_leko_tchkonia

მსახიობი თაკი მუმლაძე წერს, რომ ჰქონდა შესაძლებლობა, 2024 წელს Shooting Stars-ზე საქართველოს წარმომადგენელი ყოფილიყო, თუმცა ორი დღის წინ გაიგო, რომ კონკურსზე კინოცენტრმა სხვა მსახიობი, სალომე დემურია წარადგინა.

"ჩვენი ორწლიანი ბრძოლა და ოცნება დასრულდა", - წერს თაკი მუმლაძე და აღნიშნავს, რომ დაკარგა შესაძლებლობა, რომელიც, მისი "გონივრული ეჭვით" შესაძლოა მის პოლიტიკურ პოზიციას თუ აქტივიზმს უკავშირდებოდეს.

მუმლაძის თქმით, EPP EUROPEAN SHOOTINGS STARS ერთ-ერთი წამყვანი პროგრამაა, რომელიც მსახიობებს საერთაშორისო ასპარეზზე გზის გაკვლევაში ეხმარება. ამ პროგრამაში უკვე მონაწილეობდნენ საქართველოდან - ირაკლი კვირიკაძე და ლევან გელბახიანი.

მუმლაძის თქმით, პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა მისთვის გაჩნდა ფილმით - "ჩემი ოთახი", რომელშიც შესრულებულმა როლმა კარლოვი ვარის საერთაშორისო ფესტივალზე - "საუკეთესო მსახიობი ქალის" პრემია და დაპირება მოუტანა, რომ 2023 წელს საქართველოდან Shooting Stars-ის მონაწილე ის იქნებოდა.

თუმცა, მსახიობი წერს, რომ პირველ ჯერზე "გაუგებარ საკანონმდებლო წინაღობებს გადააწყდა", კერძოდ, პარლამენტმა არ დაამტკიცა მაუწყებლობის შესახებ კანონი და საქართველომ დაკარგა უფლება ყოფილიყო ევროპული კინოს ოჯახის წევრი, რის გამოც, მან Shooting Stars-ში მონაწილეობის უფლება დაკარგა, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ "კინემატოგრაფის სფეროში მომუშავე ადამიანების დიდი ძალისხმევით ეს წინაღობა გარკვეული დროის შემდეგ მოიხსნა და ხელახლა გაფორმდა კონტრაქტი საქართველოსა და EFP-ის შორის".

მუმლაძის თქმით, კანონის მიხედვით ფილმს, რომელიც 2022-23 წლებშია შექმნილი, აღარ შეეძლო 2024 წელს პროგრამაში მონაწილეობა, თუმცა ნინო კირთაძე, ევრიმაჟში საქართველოს მაშინდელი წარმომადგენელი კანის ფესტივალის დროს გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და სთხოვა, რომ დაეშვათ გამონაკლისი. 

"და ეს უდიდესი შანსი მართლაც მომეცა მეორედ, ჩაითვალა, რომ ბიუროკრატიული თუ პროცედურული ლაბირინთების გამო ეს შესაძლებლობა არ უნდა დამეკარგა - და გამონაკლისი დაუშვეს. ოფიციალური წერილი, რომელიც ნინომ EFP-დან მიიღო, მან კინოცენტრსაც გააცნო. მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავით, Nino ს მიმართ ჩემს მარადიულ მადლიერებას კი ალბათ სიტყვებით ვერასოდეს გამოვხატავ.

Shooting Stars-ზე 2024 წლის კონკურსანტების მიღება როგორც კი დაიწყო, კინოცენტრს მაშინვე მივმართე იმეილით, და ასევე შევახსენე იმ წერილის შესახებაც, რომელშიც ჩემთვის გამონაკლისის დაშვებაზე იყო საუბარი. კინოცენტრი დუმდა. კიდევ რამდენიმე მეილი გავუშვი - მაგრამ პასუხი არც ერთზე მიმიღია", - აღნიშნავს მუმლაძე.

მუმლაძე წერს, რომ ამ ყველაფრის პარალელურად, კინოცენტრში პროტესტი დაიწყო და აქციებსა და შეხვედრებში ისიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას. ის ამბობს, რომ თავადაც არის პროტესტის გამომხატველ კინემატოგრაფისტების ჯგუფში, რომლებსაც წულუკიანი "პუდელებად" და "ტაკიმასხარებად" მოიხსენიებს ხოლმე.

"  ორი დღის წინ გავიგე, რომ ჩვენი ორწლიანი ბრძოლა და ოცნება დასრულდა - Shooting Stars-ზე კინოცენტრმა სხვა მსახიობი, სალომე დემურია წარადგინა. სალომეს გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს ამ საოცარ და პერსპექტიულ გზაზე. თუმცა ამ კანდიდატის წარდგენა კინოცენტრს თავისუფლად შეეძლო მომავალ წელსაც - რადგან იმ ფილმის პრემიერა, რომელშიც სალომე თამაშობს, ჯერ არც კი გამართულა. მე კი ჩემამდე დიდი ძალისხმევისა და გამონაკლისის დაშვებით მოსული ეს შესაძლებლობა დავკარგე - როგორც იურისტები კვლავ იტყოდნენ, „გონივრული ეჭვით“ ჩემი პოლიტიკური პოზიციისა თუ აქტივიზმის გამო.

კინოცენტრი ერთ დღეს ალბათ მართლაც გახდება დამოუკიდებელი ინსტიტუტი - და ჩვენ, ყველანი, პოლიტიკური თუ იდეოლოგიური შეხედულებების განურჩევლად, ერთად ვიმუშავებთ კინოსთვის და კინოში. ოდესმე დადგება დღე, როცა კულტურის მესვეურები ხელოვანს პოლიტიკური პოზიციის გამო „მტრად“ და „აგენტად“ აღარ აღიქვამენ - და პირიქით, გზა კრიტიკულ და მრავალფეროვან აზროვნებას გაეხსნება. ამ დღემდე - სამწუხაროდ - ჯერ ძალიან შორია, თუმცა ერთმანეთი გვყავს და სოლიდარობაა მთავარი", - წერს მსახიობი Facebook-ზე.


close დახურვა