logo
ENG



ნაცვლიშვილი კონსერვატორიაზე: მინისტრი არაკომპეტენტურობის კომპენსირებას რეპრესიით ცდილობს

28 სექ 202311:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/28/04qajy253rqvjvi.jpg

"რასაც მინისტრი ცდილობს მათთან მიმართებით, კულტურის დამორჩილების პოლიტიკის ნაწილია მხოლოდ", - ასე ეხმაურება ლელო საქართველოსთვის წევრი ანა ნაცვლიშვილი კონსერვატორიის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

დეპუტატის განცხადებით, კულტურის მინისტრი ცდილობს, გააუქმოს ყველაფერი, რასაც ვერ იმორჩილებს.

"რაიმეს შექმნა, აღდგენა, გადარჩენა არ შეუძლია - გელათის გადარჩენა ევალებოდა და ვერ გაართვა თავი, ტაძარი უარეს დღეშია ვიდრე მისი გამინისტრებისას - ღვთისმშობლის "დაპატიმრებული" ფრესკა ყველასთვის უდიდესი ტკივილი და სირცხვილია, ეროვნული მუზეუმის გადარჩენა ევალებოდა და ვერ გაართვა თავი და ა.შ. და ა.შ.", - წერს ის.

ნაცვლიშვილის თქმით, წულუკიანს მისი არაკომპეტენტურობა აწუხებს და მის დაკომპენსირება რეპრესიებით, ცინიზმითა და ძლიერი ხელის იმიტაციით სურს.

"ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ - რომ ის ადრე იუსტიციის მინისტრი იყო და ვერც ერთი რეფორმა ვერ გაატარა წარმატებით. მისი მინისტრობის დროს აღდგა სასამართლოს კლანი და გაძლიერდა კიდეც. თუ რამის უნარი ჰქონდა, კომპეტენცია, ძლიერი ხელი და ქვეყანაზე ფიქრი, მანდ უნდა გამოეჩინა - სამართლიანი სასამართლო და პროკურატურა შეექმნა. მას ამისთვის იდეალური ისტორიული მომენტი ჰქონდა. ეს ვერ შეძლო. დამარცხდა. მას შემდეგ ცდილობს დაამტკიცოს, რომ მაგარია! რუსული ოცნებისთვის ის იდეალური კულტურის მინისტრია, მინისტრი რომელიც ანადგურებს უნიკალურ ქართულ კულტურას და ხელოვნებას", - ამბობს დეპუტატი.

***

26 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები პროცედურები შეწყდა. მინისტრის ბრძანებით გაუქმდა არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 28 ივლისის დადგენილება.

20 სექტემბერს მინისტრის საათზე კულტურის მინისტრი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში "რეფორმით" დაიმუქრა. როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას თქვა, ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი "ხარვეზია" და არ დამალა, რომ ცვლილებებს გეგმავს.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას რექტორი ნანა შარიქაძეა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2019 წელს 4 წლის ვადით აირჩიეს. შარიქაძე ერთ-ერთია, ვინც რამდენიმე თვის წინ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა.


close დახურვა