logo
ENG



ომის ჭირისუფლები
24 ოქტ 202318:57
2141

გულიკო, ნინო, ნანა და კიდევ ომის ათობით ცოცხალი გმირი - ეს ქალები უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა ქვრივებად აქცია, დაკარგეს შვილები. ისინი მედიაში გლოვის პარალელურად გამოჩნდნენ და მალევე გაქრნენ. არადა ბევრი აქვთ სათქმელი. მათი ისტორიები იმ სახელმწიფოს სახეცაა, რომელმაც დაღუპული მებრძოლების ოჯახები ტრაგედიასთან და ტრაგედიის თანმდევ გამოწვევებთან, პირისპირ - მარტო, მხარდაჭერის გარეშე დატოვა.


ნინო

ნინო მაჭარაშვილი რუსთავის 22-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელია. სამი შვილი და ორი შვილიშვილი ჰყავს.

პროფესიით იურისტს, კლასელი - ზაზა ბიწაძე უნივერსიტეტში შეუყვარდა.
მისი ოჯახის თანმდევი ყოველთვის იყო რუსული აგრესია და ომით გამოწვეული პრობლემები.

ნინო მაჭარაშვილის ქმარი, ქართველი მებრძოლი ზაზა ბიწაძე რუსეთის აგრესიას 16 აპრილს, უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოესთან ემსხვერპლა, მაშინ, როცა დაღუპული მეგობრის-არკადი კასრაძის ბრძოლის ველიდან გამოყვანას ცდილობდა.

მეტყვიან ხოლმე ძლიერი ქალი ხარო, მიკვირს... ვფიქრობ, რომ ისეთი არაფერი გამიკეთებია, რაც დედამ არ უნდა გააკეთოს.



ნინო მაჭარაშვილის შვილი, მარიამ ბიწაძე მამასთან მიმოწერას სამახსოვროდ ინახავს. შეტყობინებების გარდა, ოჯახს მებრძოლისგან სახსოვრად საათი და ბეჭედიც შემორჩა, რომელსაც ადგილი ზაზას ფოტოებთან მიუჩინეს.


 

ნანა

ნანა წურწუმიას ამბავი ერთდროულად ცოლის, დედის, ემიგრანტის და სიკვდილს გადარჩენილის ისტორიაა. იტალიაში 2012 წელს გადაწყვიტა წასვლა, მიზეზი ოჯახში არსებული მატერიალური პრობლემები იყო. მხოლოდ ორი წლით გაჩერებას გეგმავდა, თუმცა გამგზავრებიდან მალევე ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს... დარჩა, რადგან გადარჩენისა და ეფექტიანი მკურნალობის შანსი იქ უფრო დიდი იყო.

ამ დროს მისი ქმარი, დავით მენაბდიშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მუშაობს... ცოლის ავადმყოფობის გამო 2014 წელს სამსახურს ტოვებს და უკრაინაში საბრძოლველად მიდის... ცოლი 10 წლის შემდეგ პირველად 15 აპრილის ნახულობს, გარდაცვლილს, თბილისის აეროპორტში, ჩამოსვენებისას.

ნანა წურწუმია პროფესიით ფსიქოლოგია, ემიგრანტობამდე მარნეულის სკოლაში მეთოდისტად მუშაობდა, სკოლის შემდეგ კი ბავშვებს ამეცადინებდა კლასიკურ მუსიკაში. ისევ იტალიაშია, ქალაქ ბარიში მოხუცს უვლის, ორი შვილი ჰყავს და ორი შვილიშვილი. შვილებიდან ერთი, ასევე, იტალიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, მეორე საქართველოში ბებიასთან.



ნანა წურწუმიას ქმარი, 47 წლის დავით მენაბდიშვილი დაიღუპა 9 აპრილს, ხარკოვთან, საარტილერიო შეტევისას. ის ბატალიონ "კარპატსკა სიჩის" მებრძოლი იყო და ხარკოვის გათავისუფლების ოპერაციაში მონაწილეობდა. დაიღუპა დრონიდან განხორციელებული დაბომბვის დროს.
დავითი 2014 წელს დონბასსა და ლუგანსკში იბრძოდა, მანამდე, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში.

გულიკო

71 წლის გულიკო მაღრაძე მიხეილ ყაფლანიშვილის დედაა. შვილის გარდაცვალების შემდეგ თბილისში ქალიშვილის სახლში მარტო ცხოვრობს და ყოველ დღე ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე დადის. ამბობს, რომ ტრაგედიის გადატანაში ხალხის ზრუნვა ეხმარება, სამსახურში კი ყურადღების გადატანას ახერხებს. გულიკო მაღრაძე ფიზიოთერაპიის ცენტრში მუშაობს.

ჩვენთან ინტერვიუს გამო იქ ჩავიდა, სადაც გაჩერება ყველაზე მეტად უჭირს. სახლში, სადაც შვილი გაზარდა და ის მედალი ჩამოგვიტანა, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისთვის, მისი შვილი სიკვდილის შემდგომ მესამე ხარისხის "მამაცობის ორდენით" დააჯილდოვა.

ახლა ერთი მნიშვნელოვანი მისია აქვს - გამოსცეს შვილის ლექსები... ნაწერები უკვე შეაგროვა და სტამბაშიც მიიტანა.

გულიკო მაღრაძის შვილი, 46 წლის მიხეილ ყაფლანიშვილი დაიღუპა 21 ოქტომბერს, ლუგანსკის ოლქში. თანამებრძოლების ინფორმაციით, მიხეილ ყაფლანიშვილი ერთ-ერთ სოფელში, სადაზვერვო სამუშაოს ასრულებდა, როდესაც დაბომბვა დაიწყო. ის ჭურვის ნამსხვრევმა იმსხვერპლა. მიხეილ ყაფლანიშვილი საერთაშორისო ლეგიონის, ჩარლი 2-ის წევრი იყო.

უკრაინაში, მარტის დასაწყისში, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში წავიდა. მიხეილ ყაფლანიშვილი საქართველოში 27 ოქტომბერს ჩამოასვენეს. ის 29 ოქტომბერს, თბილისში დაკრძალეს.

დარჩა ცოლი და ორი შვილი.

 

გმირის დედა გმირულად უნდა ცხოვრობდეს და გმირულად უნდა მოკვდეს ისე, როგორც გმირ შვილებს ეკუთვნით.

 

ხელისუფლების დუმილი

რას (არ) აკეთებს სახელმწიფო უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებისთვის?

არის საკითხი, რომელზე საუბარსაც ჩვენი რესპონდენტები თავს არიდებენ, დელიკატურობის მოტივით. ნაწილს გმირების ოჯახებისთვის დამახასიათებელი სიამაყეც არ აძლევს უფლებას პრობლემებზე ხმამაღლა, მორიდების გარეშე ილაპარაკონ.

უკრაინაში დაღუპული გმირების ოჯახების წინაშე არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე დასკვნები არა მხოლოდ სტატიის გმირებზე, არამედ სხვა ქვრივების მონაყოლზე დაყრდნობითაც გამოგვაქვს.

ტრაგედიის პარალელურად, მათ ყოველდღიურად უწევთ გამკლავება სხვადასხვა სახის სირთულესთან. ეკონომიკური პრობლემები, სოციალური საკითხები: შვილების აღზრდა, განათლება, დასაქმება. ვესაუბრეთ ქვრივებსაც, რომლებმაც სწორედ ამ პრობლემების გამო რაიონი დატოვეს და დედაქალაქში წავიდნენ.

2023 წლის 25 ოქტომბრის მონაცემით, უკრაინაში რუსეთის წარმოებული აგრესიის მსხვერპლი 51 ქართველი მებრძოლია. პირველი ცნობა 2022 წლის 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ ერთ წელზე მეტი გავიდა...

ეს დროს მებრძოლთა ოჯახების საჭიროებების შესასწავლად მთავრობისთვის საკმარისი უნდა ყოფილიყო. თუმცა, როგორც ოჯახებში გვიყვებიან, შესაბამის უწყებებს მათთვის დახმარება ერთი წლის თავზეც არ შეუთავაზებიათ. სახელმწიფოს მონაწილეობა ამ პროცესში მხოლოდ გადმოსვენების ხარჯების დაფარვითა და სამხედრო პატივით დაკრძალვით შემოიფარგლა.

 

დამალული საჯარო ინფორმაცია

თავდაცვის სამინისტრო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს, მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს, მათ ოჯახებსა თუ სამოქალაქო პერსონალს სხვადასხვა სახის მხარდაჭერის პროგრამებსა და დახმარების პაკეტებს სთავაზობს. "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი", "ოჯახების მზადყოფნის პროგრამა", მემორანდუმები ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან, კლინკებთან, რეაბილიტაცის ცენტრებთან - ეს თავდაცვის სამინისტროს პროგრამების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

ვრცელდება თუ არა აღნიშნული პრივილეგიები უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებზე ან შემუშავდა თუ არა მათთვის ექსკლუზიური პროგრამა? - ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროში ოფიციალური წერილები გავაგზავნეთ და კანონით დადგენილი წესით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37, 38 და 40 მუხლების საფუძვლით საჯარო ინფორმაცია მოვითხოვეთ. უწყებებმა ინფორმაციის მოწოდების კანონით დადგენილი ყველა ვადა დაარღვიეს. კითხვებზე პასუხები არ მიგვიღია.

უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და საომარ მოქმედებებში მონაწილეობენ. მებრძოლების შესახებ შედარებით ზუსტი სტატისტიკა მხოლოდ ქართულ ლეგიონს აქვს, რომელიც უკრაინული ჯარის "ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფია". მათ რიგებში 2 200 მებრძოლი ირიცხება და მოხალისეობის მსურველები დღემდე მიმართავენ.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს, ქართულმა ლეგიონმა, ერთ-ერთმა პირველმა, 2016 წელს მოაწერა ხელი. ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი ინფორმირებული პირია. ის გვიყვება, რომ არსებული სოციალური თუ მხარდაჭერის სერვისები არ ვრცელდება იმ მებრძოლების ოჯახებზე, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წარმოებულ ომს ემსხვერპლნენ, რადგან სამართლებრივად ისინი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არ ირიცხებიან. თუმცა ამ ოჯახების დავიწყების მთავარ მიზეზად არა სამართლებრივ ნორმებს, არამედ პოლიტიკური ნების არარსებობას ასახელებს.

"ქართველი მებრძოლები არიან ადამიანები, რომლებიც უკრაინაში საქართველოს ნაციონალურ ინტერესებს სიცოცხლის ფასად ატარებენ. საქართველოს მთავრობა კი ამას არ აღიარებს. 2014 წლიდან დღემდე მთავრობის მხრიდან მათ დისკრედიტაციის კამპანიას ვხედავთ ჩვენს წარმოგვაჩენენ ექსპტრემისტებად, რომლებსაც ომი უნდათ, სინამდვილეში ეს ადამიანები იბრძვიან უკრაინაში, რათა საქართველოში ომის პრევენცია მოახდინონ.

მებრძოლების ოჯახები მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში არიან, ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ ეს მცდელობა საკმარისი არ არის, მრავალშვილიანი ოჯახების შენახვა რთული საკითხია. ერთი შემთხვევაც კი არ მახსოვს, როცა მთავრობა მათ რამეში დაეხმარა ან მინიმუმი მაინც გააკეთა, რომ პატივი მიეგო დაღუპულებისთვის, მათი ოჯახებისთვის.... ეჭვი მეპარება საქართველოს მთავრობისთვის აქტუალური იყოს საკითხი, რომ უკრაინაში მებრძოლებმა და მათმა ოჯახებმა რაიმე დახმარებით ისარგებლონ", - მამუკა მამულაშვილი, ქართული ლეგიონის მეთაური.

 

თავდაცვის მინისტრის პოზიცია 

დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახების მხარდაჭერა პოლიტიკური განხილვის თემაა ბოლო ერთი წელია მთავარ საკანონდებლო ორგანოში. ამ საკითხზე თავდაცვის მინისტრის უახლესი კომენტარი 2023 წლის 17 ოქტომბრით თარიღდება. მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში დაბარებული ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს:

"ოჯახებთან კომუნიკაცია გვქონდა და საკითხი იდგა ასე: დავკრძალავდით თუ არა მათ პატივით. ეს საკითხი ჩვენს თავზე ავიღეთ და პატივით ვკრძალავთ მათ. ის, რომ კანონდებლობაში ცვლილებაა შესატანი და შეიძლება კიდევ უფრო მეტი პატივი მივაგოთ, ერთი მხრივ ცდება ჩვენს კომპეტენციას და მეორე მხრივ, ამას შეიძლება არ ჰქონდეს რაღაც ზღვარი - განვასხვავოთ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულები სხვისგან".



პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა, რომ ყოველწლიურად, შპს "რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრთან“ დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დაშავებული სამხედროების საპროტეზო- ორთოპედიული საჭიროებების დაკმაყოფილება. ამ სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა უკრაინაში დაჭრილი და დაშავებული მებრძოლების ოჯახის წევრებსაც აქვთ. არაფერი თქმულა უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახების მხარდამჭერ სოციალურ პროგრამებზე.

 
 

რა შეუძლია გააკეთოს და რას არ აკეთებს სახელმწიფო?

 

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უკრაინის ომიდან გამომდინარე რაიმე სპეციალური პროგრამა არ შეუმუშავებია. შესაბამისად, ის პროექტები, რომელიც უკრაინის ომამდე მოქმედებდა არ ვრცელდება და ვერ გავრცელდება უკრაინის ომზეც. როგორც წესი, ასეთ პროგრამებს წინასწარ მკაცრად განზრახული მანდატი აქვთ.

ამასთან, სადავო არ არის არგუმენტი, რომ ეს მებრძოლები ქართული ჯარიდან სახელმწიფოს მანდატით უკრაინაში არ წასულან და შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო მათი დახმარებისა და გაძლიერების პროგრამებში პირდაპირ ვერ ჩაერთვება. თუმცა, ყოფილი მინისტრის განმარტებით, პოლიტიკური ნების არსებობს შემთხვევაში გამოსავალი არსებობს - ვეტერანთა სამხედრო სამსახური.

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი:

"სიმართლეა, რომ ქართველები მებრძოლები უკრაინაში სახელმწიფოს მანდატით, საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან არ წასულან. მაგრამ ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს და არა სამინისტროს, მშვენიერი პროგრამა აქვს, რომლის ამოქმედებაც ვეტერანების დეპარტამენტის საშუალებით შეუძლია. ამ მებრძოლების უდიდესი უმრავლესობა, მათი ცხოვრების რაღაც მომენტში საქართველოში სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ. შესაბამისად მათზე მარტივად შეუძლიათ გაავრცელონ ის პროგრამა, რომელიც ერაყსა და ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებისთვის თავდაცვის სამინისტროში მოქმედებს. მხოლოდ ერთი რამაა გასაკეთებელი, ერთი ბრძანებაა საკმარისი, რომ ეს პროგრამა ამჯერად არა თავდაცვის სამინისტროს, არამედ ვეტერანთა დეპარტამენტს დაუქვემდებარონ".

პროგრამა, რომელზეც თავდაცვის ყოფილი მინისტრი საუბრობს, საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია. მასში გათვალისწინებულია, როგორც ერთჯერადი კომპენსაციები, ისე მრავალჯერადი დახმარების სერვისები, რომელიც შეეხება ჯანდაცვას, სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებებს, შეღავათებს კონუნალურ გადასახადებში, განათლების უზრუნველყოფას, შვილების სწავლების დაფინანსებას და ა.შ. ამ პროგრამას მხარს უამრავი საწარმო და ბიზნესი უჭერს, რაც დასაქმების შესაძლებლობაცაა.

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი: "აქ შეუძლებელი არაფერია, მხოლოდ პოლიტიკური ნების ამბავია. ყველა ქართველი ვინც უკრაინაში იბრძვის, ამავდროულად, საქართველოს თავისუფლებისთვისაც იბრძის, ამიტომ ამის გატარება ისე, თითქოს არაფერი ხდება სახელმწიფოს უპასუხისმგებლობის ქრესტომათიული მაგალითია".

 


სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური დახმარებით. შინაარსზე პასუხისმგებელია EU4IM-ის ბენეფიციარი და სტატიაში გამოთქმული შეხედულებები შეიძლება, არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

This publication was produced with the financial support of the European Union. Its contents are the sole responsibility of EU4IM’s beneficiary and do not necessarily reflect the views of the European Union.

 

close დახურვა