logo
ENG



ცეცხლის შეწყვეტაზე რეზოლუციის მიღების შემდეგ, ისრაელი გაეროს აკრიტიკებს

28 ოქტ 202312:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/28/gwwoyyv3ujw6j26.jpg

ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებაზე რეზოლუციის მიღების შემდეგ, ისრაელი გაეროს აკრიტიკებს. ამის შესახებ გაეროში ისრაელის ელჩმა, გილან ერდანმა ისაუბრა და გუშინდელ დღეს "სამარცხვინო და ბნელი" უწოდა.

მან გააკრიტიკა რეზოლუციაც და თქვა, რომ იქ არ არის საუბარი ისრაელის თავდაცვის უფლებასა და ჰამასის ტერორისტული შესაძლებლობის აღმოფხვრის მნიშვნელობაზე.

"ეს იქნება სამარცხვინო დღე - ყველანი მოწმე ვართ, რომ გაეროს აღარ აქვს ლეგიტიმურობის ან მნიშვნელობის რაიმე ნატამალი. ეს ორგანიზაცია დაარსდა ჰოლოკოსტის შემდეგ სისასტიკის თავიდან აცილების მიზნით, თუმცა სპექტაკლი, რომელიც ახლა ვნახეთ, ამტკიცებს, რომ გაერო, სამწუხაროდ და ტრაგიკულად, ცდილობს არა აღკვეთოს, არამედ, უზრუნველყოს შემდგომო სისასტიკე.

ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი და ამ უფლების რეალიზება არის, უზრუნველვყოთ, რომ მსგავსი სისასტიკე აღარასდროს განმეორდეს. ამის ერთადერთი გზა ჰამასის ტერორისტული შესაძლებლობების აღმოფხვრაა, თუმცა ეს რეზოლუცია არც კი ახსენებს ამას, თითქოს ეს ომი თავისთავად დაიწყო. ეს არის ბნელი დღე გაეროსთვის", - განაცხადა ელჩმა.

გუშინ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელსა და ჰამასს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. დოკუმენტის მიღების წინააღმდეგ აშშ და ისრაელი გამოდიოდნენ. რეზოლუცია წარადგინა იორდანიამ და გენერალურ ასამბლეაზე მას 120-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 14, ხოლო თავის შეიკავა 45-მა.

რეზოლუცია მოუწოდებს "დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარულ ზავისკენ, რომელიც გამოიწვევს საომარი მოქმედებების შეწყვეტას", ასევე "დაუყოვნებლივი, სრული, მდგრადი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობისკენ". გარდა ამისა, დოკუმენტი მოითხოვს, რომ ისრაელმა გააუქმოს თავის რეკომენდაცია ჩრდილოეთ ღაზის ევაკუაციის შესახებ.

რეზოლუცია მოითხოვს სამოქალაქო პირების დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებას, რომლებიც უკანონოდ არიან ტყვეობაში, თუმცა გამტაცებლებად ჰამასი მოხსენიებული არაა. შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა დაგმეს რეზოლუცია და ამტკიცებდნენ, რომ ის არ მოიცავს ჰამასის აშკარა კრიტიკას. 


close დახურვა